კომენტარი

ამერიკელი ექსდიპლომატები თეთრ სახლს ურჩევენ, რა უნდა გაკეთდეს ივანიშვილის მუქარების წინააღმდეგ

1 ოქტომბერი, 2024 •
ამერიკელი ექსდიპლომატები თეთრ სახლს ურჩევენ, რა უნდა გაკეთდეს ივანიშვილის მუქარების წინააღმდეგ

ავტორები: იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე


ამერიკის ახალი სავიზო და ფინანსური სანქციები, რომლებიც ამ თვეში საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის -“ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესდა, საკმარისი არ არის, რადგან ის  საქართველოს ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილს, არ შეხებია.

ძველ სანქციებს, რომლებიც ამ წლის დასაწყისში კორუფციის, ანტიდემოკრატიული ქცევისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შემოიღეს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი სანქციები დაემატა. სანქციების პაკეტი საკმაოდ ეფექტური უნდა ყოფილიყო, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს და მის პარტიას მკაფიოდ უნდა უჩვენოს, რომ თუ ისინი გააგრძელებენ ქართველი ხალხისთვის და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობისთვის დამღუპველ გზაზე სიარულს, ამერიკა ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ ფინანსურ ბერკეტს მაქსიმალურად გამოიყენებს.

2012 წელს “ქართული ოცნების” გამარჯვებამდე, ივანიშვილი ფულს რუსეთში შოულობდა. სწორედ 2012 წლიდან არის ივანიშვილის ძალაუფლება “ტახტის” მიღმა და ამ 12 წლის განმავლობაში მოსკოვთან კავშირების გაუმჯობესებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს 2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების 20 % აქვს ოკუპირებული, საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, საქართველოში ათასობით რუსი ჩავიდა და სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის პიკშია.

მისმა მმართველმა პარტიამ რუსული სტილის კანონიც მიიღო, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, “გარე გავლენის ქვეშ მყოფ აგენტებად” დარეგისტრირებას სთხოვს. მთავრობა არ ითვალისწინებს, რომ კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში უდიდესი პროტესტია. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი კანონი მიიღო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, შვილის აყვანის შესაძლებლობას და ტრანსგენდერებისთვის სამედიცინო დახმარების მიღებას კრძალავს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომზე და სისხლისღვრაზე არა რუსეთი, არამედ წინა ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტი (ამჯერად პოლიტპატიმარი) მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი.

ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მას შემდეგ დააანონსა, რაც გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადა. ეს ოქტომბრის თვის კრიტიკულ არჩევნებამდე ბევრად ადრე მოხდა.

მისი პოლიტიკაში მობრუნებისთანავე, ივანიშვილმა საშინლად ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური განცხადებების გაკეთება დაიწყო. მისი თქმით, აშშ და ევროპა (გლობალური ომის პარტია) ოპოზიციის ლიდერებს აფინანსებენ და მათ “სააკაშვილის სადისტური რეჟიმის” დაბრუნებასა და “მეორე ფრონტის” გახსნას ავალებენ.

ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ მმართველი პარტია “ნებისმიერ ფასად” შეუშლის ხელს ასეთ შედეგს, რაც არჩევნებზე მანიპულაციების არცთუ ისე ფარულ საფრთხეს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთელი პროდასავლური ოპოზიცია სააკაშვილთან არის დაკავშირებული, და ამიტომ არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ “ქართულ ნიურნბერგის პროცესს” მოაწყობს. მან ასევე განაცხადა, რომ პროდასავლური ოპოზიცია მკაცრად და სამართლიანად დაისჯება “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისთვის”. კითხვაზე, ვის აეკრძალება პარლამენტში შესვლა, მისმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის სახელი დაასახელა.

ქართული ოცნება ხელისუფლების სამივე შტოს უკვე აკონტროლებს: ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დათრგუნვით, კობახიძე და ივანიშვილი ანტიდასავლურ, ტოტალიტარულ რეჟიმს აკანონებენ.

ამის საპირწონედ, აშშ-მა მკაფიოდ უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუ ის არჩევნებს მისი პარტიის სასარგებლოდ გააყალბებს, ან ოპოზიციის აკრძალვაზე მუქარას შეასრულებს, მას და მის მილიარდებს სახაზინო დეპარტამენტის სრული ფინანსური სანქციები დაედება.

რეალურად ივანიშვილი თვეების წინ უნდა დასანქცირებულიყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის და მისი თანამზრახველები მთავრობასა და პარლამენტში ამერიკის ყოფილ ელჩს [კელი დეგნანი] და კონგრესის წევრებს ესხმოდნენ თავს. თუ ჩვენ ივანიშვილს მისი მუქარის საპასუხოდ პირადი სანქციების რეალურობაში დავარწმუნებთ, მისი შეფერხება შეგვიძლია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო არჩევნების გაყალბებისა და შესაძლო თავდასხმების მიუხედავად, საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან ფხიზლად იყვნენ, რათა ნებისმიერი გაყალბების მცდელობა და შეურაცხყოფა გამოავლინონ. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ.

მტკივნეული და მიზანმიმართული სანქციების დაანონსებამ შესაძლოა ქართველი ხალხი პრორუსული, ავტორიტარული მომავლისგან გადაარჩინოს, რომელსაც მათ ოლიგარქი ჰპირდება.


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა TheHill-ზე.

ავტორების შესახებ:

  • იან კელი არის აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში, მანამდე კი აშშ-ის ელჩი იყო ეუთოში 2010 წლიდან 2013 წლამდე. იან კელი ჩართული იყო ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოების გახსნაში.
    სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერის დაწყებამდე ის კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსულს ასწავლიდა.
  • დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში 2008-2009 წლებში; Freedom House-ის პრეზიდენტი 2010 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე. მოგვიანებით მუშაობდა მაკკეინის ინსტიტუტში. ასწავლიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიღებული აქვს საბჭოთა კვლევებში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლამდე თავადაც ასწავლიდა რუსეთის კვლევების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2018 წელს რუსეთის მთავრობამ იმ პირთა სიაში შეიყვანა, ვისი დაკითხვაც სურდა.

კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არც ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი