სამართალი

ადიგენში რელიგიური ნიშნით დევნის მუხლით გამოძიება დაიწყო

1 მარტი, 2016 • 1166
ადიგენში რელიგიური ნიშნით დევნის მუხლით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების გამო გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს: “ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში გუშინ მომხდარი დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი მოქალაქეების მიერ მუსლიმებისთვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნა გახდა.  ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ მუსლიმები სასაფლაოზე მეჩეთსაც ააშენებენ, რასაც არ დაუშვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის  (EMC)  წარმომამდგენლის, თამთა მიქელაძის ცნობით, 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაპირისპირების დროს სამი მუსლიმი დაშავდა.

გუშინ, 29 თებერვალს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობდა. ნეტგაზეთს გუშინ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიების არდაწყების მიზეზი დაპირისპირებისას სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი