ახალი ამბები

აშშ-ის ყოფილი ელჩი ხსნის, რატომ არ ეწვია ჯეი დი ვენსი თბილისს

17 თებერვალი, 2026 •
აშშ-ის ყოფილი ელჩი ხსნის, რატომ არ ეწვია ჯეი დი ვენსი თბილისს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ხსნის, თუ რატომ არ ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საქართველოში სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში.

როგორც იან კელი ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს მთავრობა ვაშინგტონისთვის სანდო პარტნიორი აღარ არის.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის არჩევანი გააკეთა და ახლა მასთან ერთად მოუწევს ცხოვრება.

„ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, თუ რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს თავისი ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი პასუხი მოკლე ანალიზში:

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დასავლური კურსის შეცვლა აირჩია. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მოუწოდა თბილისს, გაეგრძელებინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლურ კონსორციუმთან პარტნიორობით და აღნიშნა, რომ ჩინეთს „საქართველოს ინტერესები არ ადარდებდა“.

რა გააკეთა თბილისმა? გააუქმა დასავლური კონტრაქტი და ის ჩინელების შემადგენლობით შექმნილ კონსორციუმს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოაწერა ხელი სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, პარალელურად აშშ-ს აბრალებდნენ, რომ „გლობალურ ომის პარტია“ იყო, ჩინეთს კი აქებდნენ, როგორც „მშვიდობისა და პროგრესის მოდელად“ წარმოაჩენდნენ.

ეს არ არის კურსის შეცვლის ერთადერთი შემთხვევა. მთავრობა ასევე დაუახლოვდა ირანს; კობახიძე და სხვები ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდნენ თეირანში, ხოლო [ხელისუფლების] წარმომადგენლებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს „აშშ-ის აგრესიის“ მსხვერპლთათვის.

გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თბილისს გვერდი აუარა. აშშ-ს კვლავ სჯერა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია, თუმცა, არა თბილისის გავლით. საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა თავისი არჩევანი და ახლა მასთან ერთად მოუწევს ცხოვრება“, – წერს იან კელი პლატფორმა X-ზე.


გასულ კვირას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიას სტუმრობდა. ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია, თუმცა, საქართველოს არა.

აზერბაიჯანში ხელი მეოაწერა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“.

სომხეთში კი  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში დაგეგმილ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში․ ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი აშშ-სგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებს (სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიას) შეისყიდის. გარდა ამისა, ფაშინიანმა და ვენსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. ამასთან, ჯეი დი ვენსმა სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში 9 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი