ახალი ამბებისამართალი

წულუკიანი: გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს

29 თებერვალი, 2016 • 2277
წულუკიანი: გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მინისტრმა მთავრობასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მას გარიგება შესთავაზა.

წულუკიანი ამ განცხადებას უკავშირებს პაპუაშვილის “გაბრაზებას” იმასთან დაკავშირებით, რომ მან ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სამთავრობო კომისიის გასაუბრება ვერ გაიარა.

“ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს. მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ–ახალი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა. მე მესმის, რომ მას მალე უმთავრდება მანდატი საკონსტიტუციო სასამართლში. მე მესმის, რომ მას ძალიან უნდა, რომ იყოს სტრასბურგში მოსამართლე, მაგრამ მე რომც არ დამეწერა მისთვის დაბალი ქულა, კომისიის ყველა წევრმა ერთის გამოკლებით მას დაუწერა ძალიან დაბალი ქულა. უფრო მეტიც, ჩვენ რამდენიმე წევრი ვიყავით კომისიის, რომლებმაც მას დავუსვით კითხვა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე დისკომფორტი, რომ სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული ბინა მიიღო და გარეთ დატოვა 2 თუ 3 არასრულწლოვანი ბავშვი. მან თქვა, რომ დისკომფორტი მაინცდამაინც ვერ ექნებოდა. ასეთი ადამიანებს მე მაღალ ქულებს არ ვუწერ. თუ გაბრაზებულია, მოიგონებს ზღაპრებს, მაგრამ ეს მისი უფლებაა,”– განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის სახლში, სადაც ამზომველებთან შეხვედრა გაიმართა.

 გიორგი პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მის მიმართ “ალერგიული” დამოკიდებულება აქვს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობი სანაცვლოდ”კულუარულად” შესთავაზა  ვენეციის კომისიის წევრობის ვადის გაგრძელება.
“ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემ მიმართაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც მან კულუარული შემოთავაზებაც გაგვიკეთა, რომ მე და ერთ წევრს გაგვიგრძელდებოდა ვენეციის კომისიაში წევრობა, თუკი ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებდით ხელისუფლებასთან და მოგვარდებოდა ე.წ პირადი პრობლემები, რომლებიც თვითონ ხელოვნურად შეიქმნეს,“ – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბრისას.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის,  ევა გოცირიძის კანდიდატურას, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ ხუთეულში, რომელმაც გასაუბრება გაიარა, გოცირიძემ ყველაზე ნაკლები ქულა მიიღო. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ იცის, თუ ვის დაამტკიცებს მთავრობა ამ ხუთი კანდიდატიდან.

“ჩემი მისია არის ამოწურული. უნდა უზრუნველმეყო გამჭვირვალე პროცესი. ეს პროცესი უზრუნველყოფილია. ამით ჩემი მისია არის ამოწურული და მართალი გითხრათ, გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა.

სპეციალური სამთავრობო კომისიის გასაუბრების ეტაპი გადალახეს ევა გოცირიძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, ნანა მჭედლიძემ, გიორგი ბადაშვილმა და ანა დოლიძემ.

არჩეული 5 კანდიდატი მთავრობას წარედგინება, მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან კი ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.


 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.

სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია;საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარევახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანიირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი