ნეტგაზეთი | „პოლიტიკაSHE” „პოლიტიკაSHE” – Netgazeti

„პოლიტიკაSHE”

2016 წლის თებერვალში ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამი საქართველო“ მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით გენდერული კვოტების მხარდასაჭერი კამპანია, სახელწოდებით პოლიტიკაSHE დააანონსა.  კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისა და გენდერული კვეოტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში. დისკუსიების დროს საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივ სტუდენტებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობენ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ უახლეს კვლევებსა და გენდერული კვოტების მნიშვნელობას. დისკუსიის მონაწილეები შეხვდებიან პოლიტიკურად აქტიურ ქალებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

საგულისხმოა, რომ საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში. გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“  კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი ორი წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს. დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 12%- ია ქალი, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალები მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილი; 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; ქვეყნის არც ერთი მერი და გუბერნატორი არ არის ქალი. ქალების წარმომადგენლობის დაუყოვნებელი გაზრდისათვის  აუცილებელია დროებითი სპეციალური ზომა –  გენდერული კვოტა, რომელიც პალიტიკურ პარტიებს პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას ავალდებულებს, რაც გაზრდის ქალთა პოლიტიკურ  მონაწილეობას და შეამცირდებს გენდერულ დისბალანსს.

მიუხედავად პოლიტიკაში არსებული გენდერული ასიმეტრიისა, სავალდებულო გენდერული კვოტების ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მოწინააღმდეგეები დისკუსიების დროს ხშირად ამბობენ, რომ ქალებს არ აქვთ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, არც პოლიტიკური უნარ-ჩვევები გააჩნიათ და, შესაბამისად, გენდერული კვოტა პარლამენტში არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების მოსვლას შეუწყობს ხელს. თუმცა არსებობს გამოცდილებით გამყარებული კონტრარგუმენტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 54% ქალია. ქალებსა და კაცებს ურთიერთსაპირისპირო ინტერესები აქვთ და, შესაბამისად, ამ ინტერესებს მხოლოდ კაცები არ უნდა წარმოადგენდნენ. ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება, რომლის რეპრეზენტაციაც აუცილებელია. უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოში ქალები აქტიურად არიან ჩართული პარტიულ საქმიანობაში და მათი წარმომადგენლობა 40%-ს უტოლდება. ასეთი ქალები ხშირად ხდებიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი და სქესის ნიშნით ვერ ხვდებიან პარტიულ სიებში, ან დიდი ძალისხმევის გადალახვა უწევთ ამის მისაღწევად.

პოლიტიკაshe-ს ფარგლებში წარმოგიდგენთ საქართველოს რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალებს, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებასა და ზემოხსენებულ ბარიერებზე მოგვიყვებიან:

  • ედიტა კოდუა , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი; “თავისუფალი დემოკრატების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე”:
ედიტა კოდუა

ედიტა კოდუა

“საქართველოში საარჩევნო სიების შედგენისას მამაკაცები თავს არიდებენ ქალების ჩაწერას. ეს, ჩემი აზრით, განპირობებულია მრავალი ფაქტორით: ბევრს  ჰგონია, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში და მათ არ შესწევთ ძალა, იყვნენ  აქტიური და პროდუქტიული. ასევე, მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის დროსაც ყურადღებას არ აქცევენ კანდიდატის შესაძლებლობებს. მთავარია, იყოს მამაკაცი. მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, ცდებით, მეგობრებო, და დროა გაათვითცნობიეროთ, მრავალი ისეთი შემთხვევის შემდეგ მაინც, რომელმაც თვალნათლივ დაგანახათ ქალების შესაძლებლობები.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, მე  არ აღმოვჩნდი ქართული ოცნების სიაში. მქონდა შემოთავაზება სხვა პარტიებიდან, მაგრამ არ დავთანხმდი. გადავწყვიტე დამემტკიცებინა მამაკაცებისთვის, რომ ქალები ძლიერები ვართ და დაბრკოლება არ გვაშინებს. დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად დავრეგისტრირდი და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოვიპოვე. ამით პასუხი გაეცა ბევრ შეკითხვას, თურმე უთანასწორო ბრძოლაშიც შეუძლია ქალს დიდი წარმატების მიღწევა –  სამი მამაკაცის წინააღმდეგ ვიბრძოდი ერთი ქალი. საქართველოში ვფიქრობ, რომ გენდერული კვოტირება იქნება ერთგვარი გამოსავალი ირგვლივ შექმნილი სტერეოტიპული მიდგომებიდან, რადგანაც  ეს ქალებს მისცემს საშუალებას მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

ქალებს კი მოვუწოდებ გააქტიურებისკენ.   ქალებო, ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც შეუძლია შეცვალოს საქართველოს მომავალი.“

  • ციცინო შენგელია,  ქ. ზუგდიდი. „კუკავა-ახალი მემარჯვენეების ალიანსი“
ციცინო შენგელია

ციცინო შენგელია

„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებისთანავე  დაბრკოლება შემექმნა რამდენიმე დონეზე. პირველი, რასაც  პირისპირ შევეჯახე, იყო კრიტიკა იმის მიმართ, რომ ქალი ვარ და ჩემი ადგილი უნდა ვიცოდე,  რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ქალს მანდ არაფერი ესაქმება.  მიუხედავად იმისა, რომ პარტიისათვის ადგილობრივ დონეზე წარმოვადგენდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას, როგორც მოსახლეობასთნ შეხვედრების, ასევე, სატელევიზიო დებატებში,  პარტიული სიის პირველ ნომრად მაინც მამაკაცი დასახელდა.

იყო შემთხვევები, როდესაც შიდაპარტიული შეკრებები საღამოობით, სპონტანურად, არაფორმალურ გარემოში იმართებოდა და იქ ჩემი დასწრება ვერ ხდებოდა.  არგუმენტად იშველიებდნენ- „ქალი ხარ და შესაფერისი გარემო არ იყოო“. არადა, მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ასეთ შეხვედრებზე წყდებოდა.

სამწუხაროდ, ქალს არ მოიაზრებენ პოლიტიკურად აქტიურ სუბიექტად, მას ისევ ოჯახში და ბავშვის აღზრდის პერსპექტივაში ხედავენ. ძალინ ხშირი იყო საზოგადოებისგან შეკითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე –  რამდენად კარგი დიასახლისი ვიყავი, მყავდა თუ არა შვილი, როგორი დედა ვარ და ა.შ. ჩემდა გასაოცრად, ნაკლებ იყო დაინტერესება ჩემს განათლებასა და კვალიფიკაციაზე. შეხვედრებზე ჩემი ოპონენტის შესახებ საზოგადოების არგუმენტი ისიც იყო, რომ ის კაცია და უფრო შეძლებს პრობლემური სიტუაციების მოგვარებას, რადგან კაცი კაცს უფრო სხვა დონეზეც დაელაპარაკება და ქალთან ცოტა უხერუხლიაო.

ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს არაერთხელ ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე, კერძოდ, ჩემს მეუღლეზე. აპელირებდნენ იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მამაკაცმა უნდა მიიღოს და თუ მეუღლის მხრიდან მოხდებოდა უარის თქმა, მე ვერ შევძლებდი გამეგრძელებინა აქტიური საქმიანობა.  მასზე ზეწოლით ცდილობდნენ   ჩემზე მოეხდინათ გავლენა.

ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე პოლიტიკაში მოსული გამოცდილი ქალების მხრიდან სოლიდარობა. 4-5 წარმატებული ქალი ეს ზოგისთვის მხლოდ სტატისტიკაა, მარტო ჩვენ ვერ შევძლებთ ცვლილებების მოტანას. ერთად კი წარმოვადგენთ ძალას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს პოლიტიკური გარემო მდედრობითი სქესის სასარგებლოდ.  ბევრ ქალს აქვს პოტენციალი, მაგრამ გამბედაობა აკლიათ იმ სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომლებიც დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ მათზე. ქალებს ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ იმის გამო, რომ საზოგადოება მათ არ აყენებს თანაბარ პირობებში. შეფასების კრიტერიუმების და სტანდარტების გათვალისწინებით მიდგომები ძალიან განსხვავებულია ქალისა და მამაკაცისათვის. გენდერული კვოტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და დაეხმარება ქალებს ამ ბარიერების დაძლევაში.“

  • ირუზა კაკავა, „ქართული ოცნება“,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი:
ირუზა კაკავა

ირუზა კაკავა

„ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და დიდი ბრძოლის გადალახვა მომიწია ჩემს პარტიაში. არ ჰქონდათ ჩემი იმედი.  ეშინოდათ, რომ რადგან ქალი ვარ, ვერ გავართმევდი თავს ოპონენტებთან ბრძოლას. არადა, ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი ქალი იყო, თუმცა თანაპარტიელები მაინც ვერ აფასებდნენ ჩემს შესაძლებლობებს.  მირჩევდნენ, უკან დამეხია და მამაკაცებისთვის დამეთმო ადგილი. არავის უფიქრია, როგორი შეურაცხყოფილი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. საბოლოო ჯამში, უკან არ დავიხიე და  150 ხმით გავიმარჯვე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბევრი ქალის გამარჯვებაცაა.

ქალების პოლიტიკური აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალების პრობლემები და საჭიროებები ხშირად კაცებს არ ახსენდებათ. როდესაც მოსახლეობის სოფლის საკითხების გადაწყვეტის შეკრებებია,  იქ ქალებს არც ეძახიან – ქალია და რა უნდა თქვას განსაკუთრებულიო. არადა, ქალებს შეუძლიათ ბევრი ისეთი სოციალური პრობლემის წინ წამოწევა, რაც ადრე არც ყოფილა განხილვის დღის წესრიგში. მაგალითად, ზუგდიდში ჩვენი, ქალების ინიცირებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების საკითხი. ამაზე მანამდე არც ყოფილა მსჯელობა. ეს ქალების განსხვავებული ხედვებისა და გამოცდილების შედეგია. დღეს ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატიდან მხოლოდ 4 ქალია და არც ერთი არ არის გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ სავალდებულო დროებითი გენდერული კვოტები ქალების გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობას გაზრდის“.

  • ლუიზა მუთოშვილი,  პანკისი, „რესპუბლიკური პარტია“  ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

ლუიზა მუთოშვილი

„2014 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებში ახმეტის რაიონში  მივიღე მონაწილეობა. მქონდა  ნათელი ხედვა, რისი შეცვლა შემეძლო ჩემს თემში და რა კუთხით მივიღებდი მონაწილეობას ცხოვრების უკეთეობისკენ შეცვლის პროცესების მართვაში. მეც ” ტრადიციული საზოგადოების” წევრი ვარ,  თუმცა არ მიფიქრია ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა. პირიქით, ჩემი მიზანია,  ამ ტრადიციების დაცვით გავხდეთ იმ საზოგადოების ნაწილი, სადაც ვცხოვრობთ. საზოგადოების, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები.  ჩემს გადაწყვეტილებას  წინააღმდეგობა მოყვა ნათესაობის მხრიდან იმ არგუმენტით, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში,  მომიწევდა საკრებულოში კაცებთან მუშაობა, რაც, მათი აზრით, ცუდად იმოქმედებდა ჩემს რეპუტაციაზე.  არჩევნებზე არ მოვიდნენ ჩემი ალალი ბიძაშვილებიც. ასევე, ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას იმ არგუმენტითაც, რომ მე, როგორც ქალს, გამარჯვების შანსი არ მექნებოდა. ყველა ჩემი კონკურენტი კაცი იყო, ერთის გარდა. მაგრამ მე ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და არ დამიხევია უკან. სამწუხაროდ, გვერდში არ დამიდგნენ არც  ჩვენს კოალიციაში შემავალი „ქართული ოცნების“ პარტია და  არც ნათესავები. დავრჩი საკუთარი თავისა და ჩემი პარტიის მხარდაჭერის იმედის ამარა. არჩევნები წავაგე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის მოგებაზე უფრო მეტი. იმიტომ, რომ იმ რეგიონში ჩემს კონკურენტ კაცს მხოლოდ 13 ხმით ჩამოვრჩი. ბევრჯერ მიფიქრია, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ამომრჩეველი და ალბათ ისინი არიან ის ახალგაზრდები, ვისთანაც მე მქონია ბოლო პერიოდში შეხება. ასევე ქალები, რომლებსაც უნდოდათ ასეთივე გამბედაობა გამოეჩინათ. არჩევნებზე არ მოვიდნენ ჩემი ალალი ბიძაშვილები და, დარწმუნებული ვარ, 13 ხმა მარტო მათ შეეძლოთ ჩემთვის მოეტანათ.  დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, აუცილებელია დროებითი კვოტირების ზომები. მხოლოდ ეს არის ერთადერთი საშუალება ქალების პოლიტიკური გაზრდისთვის. პოლიტიკური პარტიები არ ჩასვამენ გამსვლელ სიებში ქალებს მხოლოდ გენდერის ნიშნით, ისინი აუცილებლად მოიძიებენ კვალიფიციურ ქალებს, რადგან მრავალპარტიულ კონკურენტუნარიან გარემოში მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატი ქალებითა და კაცებით დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიები გადარჩებიან.“

 

  • ანა წითლიძე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წევრი, ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ანი წითლიძე

ანი წითლიძე

„საქართველოში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ქალი სუსტია და პოლიტიკა ქალისთვის მძიმე ან ბინძურია, მთავარი დამაბრკოლებელი ხდება ქალისათვის, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქალები იყვნენ ძლიერი და ბრძოლის არ შეეშინდეთ.

ხშირად მქონია პრაქტიკაში, რომ ურჩევიათ ჩემთვის: „პოლიტიკა ბინძურია და არაა ქალების საქმე“, ან „ქალი ამდენს არ უნდა ლაპარაკობდეს“ და ა.შ. თუმცა ეს დამაბრკოლებელი არასოდეს ყოფილა ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ პოლიტიკა ბინძური ადამიანების ხელშია ბინძური, სუფთა ადამიანების ხელში კი, სუფთა – ეს კი არ განარჩევს ქალსა და კაცს. მე არ მინდა იმ სამყაროში და ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც გადაწყვეტილებას და თამაშის წესებს მხოლოდ კაცები ადგენენ. ამით მე ჩემი, როგორც ქალის, თანასწორობას ვიცავ. მე დღესაც ყოველდღიურად ვცდილობ ყველა დონეზე – საკრებულოში, ფრაქციასა თუ პარტიაში – დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ ქალი სუსტია და ვერ გაუძლებს. 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების  დროს  მე გადაწყვეტილების წინაშე დავდექი –  ან უნდა დამეხია უკან, ან ბრძოლა გამეგრძელებინა. მე მეორე ავირჩიე და ვთვლი, რომ ამით ბევრ ქალს მივეცი სტიმული, არ შეეშინდეს პოლიტიკური სიმძიმეების და პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

მე მჯერა, რომ როდესაც ერთი ქალი იმარჯვებს, მეორე აუცილებლად მოინდომებს სცადოს.

მე მხარს ვუჭერ გენდერულ კვოტას, რადგან მიმაჩნია, რომ ხელს შეუწყობს აქტიური და კვალიფიციური ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.  ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში ბევრად ჰუმანურს, საზრიანს და საინტერესოს გახდის პოლიტიკურ პროცესებს. ქალებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ  მშვიდობის დამყარებაში და, რაც მთავარია, ბევრად მეტი შეუძლიათ გააკეთონ ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად.“

 

  • მაკა მოსიაშვილი, ქ.თელავი
მაკა მოსიაშვილი

მაკა მოსიაშვილი

„ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ.

2012  წლამდე პერიოდი რევოლუციებთან არ ასოცირდება. პირიქით, უფრო სხვა სიახლეებია, ყველაფერი რომ უკან დარჩა.

რა მოვასწარი 33 წლამდე?!

ვისწავლე, გავთხოვდი, სამი შვილი მეყოლა.  შემდეგ დამაკავეს და 6 წელი ციხეში გავატარე. სწორედ ციხეში შევიტყვე, რომ ოჯახი დამენგრა. მეუღლე სხვაზე დაქორწინდა. ციხიდან გამოსულს მინდოდა ქალზე ყველა სტერეოტიპის დანგრევა.

დიახ, ყველაზე სამაგალითო უნდა გავმხდარიყავი და ყველას უნდა ეთქვა – ბარაქალა შენს ქალობას!

პროფესიით ჟურნელისტი ვარ და ჟურნალიტს სტერეოტიპების ნაკლებად ეშინია, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. უფრო წინ უნდა წავსულიყავი, უფრო ხმამაღლა უნდა მეთქვა: მე მინდა ცვლილება, ცვლილება ქვეყანაში, საზოაგდოების ცნობიერებაში, პოლიტიკაში.

მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი. მეშინოდა, რომ სტიგმატიზირებულს  ყველა წამომაძახებდა –  „შენ ხომ ციხეში იყავი!“ამიტომ, სანამ ისინი დამიძახებდნენ, მე დავიძახე საჯაროდ: „დიახ, მე იქ, ოსმალეთში, ვიყავი! ახლა კი აქ ვარ და მაქვს ამბიცია, მეც გავხდე ჩემს ქალაქში ცვლილებების მონაწილე“. 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში კენჭი ვიყარე. სულ ცოტა, 100 ხმა დამაკლდა, რომ საკრებულოს წევრი გავმხდარიყავი.

თუმცა ამან დიდი გავლენა ვერ მოახდინა. მაინც ყველა სხდომას ვესწრები. მხოლოდ ერთი სხდომა მახსოვს,  რომელსაც ვერ დავესწარი.  თელავის საკრებულოს ყველა კომისია გადაწყვეტილებას ჩემთან, მოქალქესთან ერთად ამუშავებს და იღებს.

ხშრად ვიცინი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ირანულ საკრებულოს ვეძახი.  იქ არც ერთი ქალი არ არის დეპუტატი, მაგრამ მე ვარ მოქალქე, მაქვს უფლება ჩავერიო საკრებულოს მუშაობაში და ხელი შევუწყო იმ პირობების შესრულებას, რომელიც 2014 წელს  ჩემს ამომრჩეველს მივეცი. ამ პირობას  ვასრულებ და შევასრულებ კიდეც!

დაბოლოს, ზუსტად ვიცი, რომ 2017 ში თვითმმართველობაში ერთ-ერთი დეპუტატი ვიქნები. მანამდე კი ბევრი რამ უნდა შევცვალო დეპუატატებტან ერთად.“

 

  • თამარ დალაქიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
თამარ დალაქიშვილი

თამარ დალაქიშვილი

„ ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში გვეხმარება, მეტად ვუზრუნველყოთ წარმომადგენლობითი აქტიური საზოგადოების შექმნა. მამაკაცებთან შედარებით  ქალებს გააჩნიათ განსხვავებული გამოცდილებები, ამიტომ მათი რეპრეზენტაცია თანაბრად უნდა მოხდეს პოლიტიკაში. ქალების სრულფასოვანი და თანაბარი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, გლობალური თუ ნაციონალური უსაფრთხოების, მშვიდობისა და სამართლიანობის მიღწევის საწინდარია.

საქართველოს მოსახლეობის  ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ, თუმცა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ სამართლიანი საზოგადოების შექმნას, როცა ყველა მოქალაქე შეძლებს განვითარებას და საკუთარი პოტენციალის ბოლომდე რეალიზებას. ამ ყველაფრის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ ქალთა გაძლიერებით და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობით.

დღესდღეობით ქალს უნდა გააჩნდეს  შესაძლებლობა, სტიმული, რათა გადალახოს შიში საკუთარ თავში, ფსიქოლოგიური ბარიერი და გაიაზროს სრულყოფილად საკუთარი შესაძლებლობლობა, რომ  მისი ხმა პოლიტიკურ სისტემაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი გახდეს იმ გარემოსთვის, სადაც მრავალი ხელშემშლელი ფაქტორებია.   პირადად მე დიდი ძალისხმევის და მონდომების მერე დავამსხვრიე ეს სტერეოტიპი და მივაღწიე იმას, რომ გავხდი გადაწყვეტილების მიმღები.

რაც შეეხება გენდერულ კვოტირებას,  როგორც გამოსავალი, ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესია, თუ ყველა პარტია თვითონ დაიცავს გენდერულ ბალანსს, რაც დემოკრატიულობის ნიშანს წარმოადგენს.“

 

  • ნინო გოგუაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“
ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძე

ქართულ პოლიტიკაში ქალებს შეუძლიათ მეტი თანაგრძნობის, მეტი მიმტევებლობის შემოტანა. ამას კი ალბათ წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს პოლიტიკაში ახლა დამკვიდრებული თამაშის წესები, რომლებიც მოწინააღმდეგის შეურაცხყოფას, დამცირებას, ლამის მოსპობას ავალებს პოლიტიკოსს. ახლა ლამის სავალდებულოა, რომ კონკურენტ პოლიტიკურ ძალაში მხოლოდ ნაკლი დაინახო, და თუ მასში გარკვეულ ღირსებასაც შენიშნავ და ამას დაუფასებ, ეს შეიძლება შენიანებმა ღალატში ჩაგითვალონ. არადა, ჩვენ სამართლიანობა გვჭირდება ყველაზე მეტად, სამართლიანობა კი თანაგრძნობის გარეშე ვერ იარსებებს. იქნებ ქალებმა გახადონ პოლიტიკა უფრო ადამიანური; იქნებ არც კაცები არიან ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვერ ბედავენ დადგენილის წინააღმდეგ წასვლას.

მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“  პოლიტიკური მდივანი. საკუთარ პარტიაში არ მიგრძვნია თავი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და არც შეფერხება მქონია საქმიანობაში სქესის გამო.

 გენდერული კვოტების შემოღებას ჩემი პარტია მხარს უჭერს. მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი,  თუმცა, ამავე დროს, აუცილებელად გასატარებელი საგანგებო ზომა. არაერთი ქალისთვის ეს შეიძლება იყოს უნიკალური შესაძლებლობა, გაბედოს, წარმატებას მიაღწიოს, შეცვალოს როგორც საკუთარი, ისე სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ. გამოაფხიზლოს და შეთხზული ილუზიებიდან გამოიყვანოს არა მარტო მამაკაცები, არამედ მთელი საზოგადოება.

 

  • მაია პაიჭაძე, ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულო, დეპუტატი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. კოალიციის ‘’ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო’’ წევრი
მაია პაიჭაძე

მაია პაიჭაძე

„2014 წელს ვიღებდი მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. წარმოვადგენდი პარტიას ‘’ქართული ოცნება’’. ხშირად მითქვამს, რომ პოლიტიკაში მაშინ მოვედი, როცა პირველი ახალშობილი ავიყვანე (პროფესიით მეან-გინეკოლოგი გახლავართ). სწორედ ამ გამორჩეულმა ურთიერთობებმა ქალებთან და მათ ოჯახებთან შემძინა ძალზედ შთამბეჭდავი გამოცდილება, რაც ფასდაუდებელი გახლდათ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის დროს.

საარჩევნო სიების შევსებისას იყო რეალური მცდელობა, ჩავენაცვლებინე მამაკაცებს, რადგან მიაჩნდათ, იმის გამო, რომ ქალი ვარ, ვერ შევძლებდი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. თუმცა დიდი ძალისხმევის შედგეად მაინც დავიცავი ჩემი პოზიცია და ახლა საკრებულოს წევრი ვარ.  დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში.

ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით ხშირად უწევთ სიტყვიერ შეტევებთან ან სტერეოტიპულ შეხედულებებთან ბრძოლა. არადა, სწორედ ქალებს შეუძლიათ ძალიან ბევრი სოციალური პრობლემის უკეთ დანახვა,  რადგან მათ განსხვავებული გამოცდილება აქვთ.  გენდერული კვოტირება, ჩემი აზრით, ქალების შესაძლებლობების წარმოჩენის მეტ თავისუფლებას იძლევა.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი