ახალი ამბები

გენდერული კვოტირების გაუქმებაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

3 აპრილი, 2024 • 606
გენდერული კვოტირების გაუქმებაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ, მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს.

გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ინიციატივა პირველ აპრილს ბიურომ დაჩქარებული წესით განიხილა. ინიციატივა „გირჩმა“ წარადგინა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კი განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ინიციატივა სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და არა „გირჩს“. დეპუტატები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ამის მიზეზად სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ასახელებენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც ჩვეულებრივ მდიდარი და გავლენიანი კაცები იყვნენ და რომლებსაც, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდათ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვება, ახლა პროპორციულ სიაში ადგილს მოინდომებენ. კვოტირება – პარტიების ვალდებულება, საარჩევნო სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს- სიაში ყოფილ მაჟორიტარ კაცებს უკან გადასწევს. ეს მათ არ აწყობთ, ამ ადამიანების მომდურება კი – „ქართულ ოცნებას“.

დღევანდელ სხდომაზევე პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში სხვა ცვლილებებიც მიიღო პირველი მოსმენით. კერძოდ, კანონპროექტით, რომელსაც მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგი იყო, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა მოხდება სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.

ასევე, ჩნდება ცნება – „დელეგატი“ და პარტია უფლებამოსილი იქნება, რომ პროპორციულ სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში დააფიქსიროს საარჩევნო ოლქის ნომერი.

გარდა ამისა, უქმდება 40%-იანი ბარიერი და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. მანამდე, თუ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი 40%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, აღნიშნულ ოლქში მეორე ტური ინიშნებოდა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი