ახალი ამბები

რესპუბლიკელები თოფაძის განცხადების შესახებ საჯარო დებატებს წყვეტენ

22 თებერვალი, 2016 • 1322
რესპუბლიკელები თოფაძის განცხადების შესახებ საჯარო დებატებს წყვეტენ

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, “კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლის” განცხადება თავისი შინაარსით არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი იყო. ამიტომ პარტია იძულებული გახდა, მისთვის მკაცრი პასუხი გაეცა. თუმცა ამ ეტაპზე რესპუბლიკელები საჯარო განხილვებს წყვეტენ.

“აღნიშნული ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად გვიწევდა ხაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. მიუხედავად შიდაკოალიციურად საკითხის არაერთგზის წამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული განცხადებები, რაზეც პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან განმცხადებლის მხრიდან ლაპარაკი იყო მედიის მიერ თითქოსდა აზრის დამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში – საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი.

კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი, რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. იმავდროულად, პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არის არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთი ადამიანის დაპირისპირება კოალიციასთან.

აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის.” – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ტელეკომოანია “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია და ამით კოალიცია დააზიანა. გარდა ამისა, განაცხადა, რომ მას პრეტენზია აქვს არა რესპუბლიკურ პარტიასთან, არამედ მის სამ წევრთან: თინა ხიდაშელთან, ლევან ბერძენიშვილთან და დავით ბერძენიშვილთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი