ახალი ამბები

რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მერია უსახლკაროთა პრობლემების აღმოსაფხვრელად

8 დეკემბერი, 2015 • 1881
რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მერია უსახლკაროთა პრობლემების აღმოსაფხვრელად

 EMC–ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ თბილისის მერიის 1 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე უსახლკაროთა პრობლემებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, მერიის პოლიტიკა ამ მიმართულებით ფრაგმენტულია. მერის მოადგილემ ღვინიანიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ კუთხით გასაკეთებელი ბევრი რამ რჩება.

ლინა ღვინიანიძის განცხადებით, მერიის პოლიტიკა ორიენტირებულია მხოლოდ შედეგების აღმოფხვრაზე და არა მიზეზებზე.

“შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო არ აღიარებს უსახლკარობას, როგორც საკითხს, როგორც გამოწვევას. ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობა, არ გვაქვს ინსტიტუციური ჩარჩო, რაც, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მუნიცილეპიტეტების პოლიტიკაზე და მათ შორის, თბილისის მერიის პოლიტიკაზეც. ეს არ არის მხოლოდ თბილისის მერიის პრობლემა, ანუ არის ძალიან ფართო და კომპლექსური საკითხი. რაც შეეხება მასშტაბებს, უსახლკარობის მასშტაბები არის ძალიან დიდი, თუნდაც თბილისის მონაცემებით. იმავე მერიის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 400–ზე მეტი ობიექტი და რამდენიმე 1000 ოჯახი ცხოვრობს უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობაში და მერიას არ აქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი ხედვა ამ ოჯახებთან მიმართებით. რაც შეეხება იმ საცხოვრისს, რომელსაც აშენებს მერია, ეს არის 76 ოჯახი, ეს არის პოზიტიური განვითარება, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მასშტაბების გათვალისწინებით, რომელზეც ვსაუბრობთ,”– აღნიშნა EMC–ის იურისტმა. 

ლინა ღვინიანიძემ ანგარიშის პრეზენტაციაზე დასვა შეკითხვა, თუ როგორი არის მერიის გრძელვადიანი ხედვა ამ გამოწვევების გათვალისწინებით და სანამ გრძელვადიან სტრატეგიას უზრულნველყოფს, როგორია მერიის მოკლევადიანი გეგემები.

“გეთანხმებით, გასაკეთებელი გაცილებით უფრო ბევრია ამ მიმართულებით. ჩვენ დავიწყეთ უსახლკაროთა რეგისტრაციით და ჩვენ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა  რესურსი შეიძლება გამოიყოს იმისთვის, რომ დამატებითი საცხოვრისები აშენდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია,“– უპასუხა მას თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა. 

ნინა ხატისკაცმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, იყო ვალდებულება, უსახლკაროების რეგისტრაცია განეხორციელებინათ, ამ მიმართულებით დღემდე წესიც არ არსებობდა. მისივე განცხადებით, პირველი, რასაც მერია გააკეთებს,  იქნება უსახლკაროთა რეგისტრაცია. მერის მოადგილის განცხადებით, ამ მიმართულებით უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია. 

მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიენების საცხოვრისით დაკმაყოფილების პრეცედენტი დადგა, ეს ზოგიერთისთვის შემოსავლის ბიზნესად იქცა:

“უსახლკაროთა რეგისტრაციისას ჩვენ უკვე შევისწავლით მათ შემოსავლებს და მათ ფინანსურ მდგომარეობას და არა მხოლოდ. აქამდე მერიას იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ გამოეთხოვა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია შემოსავლებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვახერხეთ იმგვარი წესის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ იდენტიფიცირებას გავაკეთებთ, ვინ არის ნამდვილად, რეალურად უსახლკარო, იმიტომ, რომ იმის გამო, რომ დადგა პრეცედენტი ოჯახების დაკმაყოფილებისა,  გარკვეული ნაწილი შეჭრილი ადამიანებისთვის ეს ერთგვარი ბიზნესი გახდა. ჩვენ  გვაქვს ინფორმაცია, რომ, მაგალითად, თეთრიწყაროს გარკვეული სოფლები უბრალოდ დაიცალა და თბილისში ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ შეჭრილიყვნენ ერთ–ერთ ობიექტში, რომლის გათავისუფლებასაც დღეს დევნილთა სამინისტრო ელოდება უკვე დიდი ხანია, რომ იქ დევნილები შეასახლოს,”– აღნიშნა მერის მოადგილემ.

თბილისის მერიის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია. 08.12.2015

თბილისის მერიის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია. 08.12.2015

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც 8 დეკემბერს სასტუმრო რედისონში ჩატარდა, უსახლკაროთა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ორხევში შენდება საცხოვრისი 76 ოჯახისთვის, ხოლო ლილოში – 240 ბენეფიციარზე გათვლილი უსახლკაროთა კაპიტალური თავშესაფარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი