თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაურის, ლუნ სოლოს ოჯახი სუიციდის ვერსიას არ ეთანხმება.

27 წლის ლუნ სოლო (ოფიციალური სახელი და გვარი ბოვორნტატ პენგსუკი) ტაილანდელი მოგზაური იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. Youtube-ზე მის ვლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. სანამ გლობალურად ცნობილი ვლოგერი გახდებოდა, მას მძიმე გზის გავლილი მოუწია, წლების განმავლობაში რთულ პირობებში, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე მუშაობდა.

ლუნ სოლო თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.

ოჯახს ლუნ სოლოსთან ბოლო კომუნიკაცია 13 ივლისს ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სოციალურ ქსელებში კამპანიაც წამოიწყეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტაილანდელი მოგზაურის ცხედარი 14 ივლისს აღმოაჩინეს. თუმცა ოჯახისთვის მისი გარდაცვალების ფაქტი 2 კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. 29 ივლისს ლუნ სოლოს ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოგზაურის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა ეს სტანდარტული მუხლია და მის მიხედვით გამოძიება მაშინაც იწყება ხოლმე, როდესაც გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია და საჭიროა გამოძიება ან სამედიცინო ექსპერტიზა.

მოგზაურის ოჯახი მისი გარდაცვალების გარემოებების დეტალურ გამოკვლევასა და განმარტებას ითხოვს. გარდაცვლილის ახლობლებს ასევე კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო ქართულმა პოლიციამ ოჯახის მოძიება და ამბის შეტყობინება, როდესაც სასტუმროში დაბინავებისას მოგზაურის პასპორტის მონაცემები აუცილებლად დაფიქსირდებოდა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ დაგვიანდა ოჯახის ინფორმირება, ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმე სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

როგორც გარდაცვლილი მოგზაურის ბებიამ ტაილანდელ ჟურნალისტებს განუცხადა,  ბოლო მომენტამდე იტოვებდა იმედს, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი და უვნებელი იყო და სახლში დაჰბრუნებოდა.

ის შვილიშვილს როგორც მხიარულს, კომუნიკაბელურს და ყველასთვის საყვარელ ადამიანს ახასიათებს, რომელსაც არც მტრები ჰყავდა და არც არავისთან ჰქონია კონფლიქტი.

მისი თქმით, ლუნი ბებიის სახლის რემონტისთვის ფულს აგროვებდა. როგორც ბებია ამბობს, შვილიშვილის ქცევა და მომავლის გეგმები ოჯახს იმის საფუძველს არ აძლევს, რომ თვითმკვლელობის შესახებ ვერსია დაიჯეროს.

რას ამბობს ტაილანდური მხარე?

ტაილანდის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სიჰასაკ ფუანგკეტკეომ 30 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტაილანდი დაელოდება საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, სანამ ლუნ სოლოს გადმოსვენების პროცედურებს დაიწყებს.

მისი თქმით, მოგზაურის გარდაცვალების მიზეზზე საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია. ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, ქართული მხარის ოფიციალურ დასკვნებს დაელოდონ და ლუნ სოლოს საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციებს არ დაეყრდნონ.

„ამ ეტაპზე ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტანთ. სჯობს დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას,“ — განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან პროცესის დაჩქარებას ელოდებიან.

ტაილანდს თბილისში საელჩო არ აქვს და საქართველოს თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში არსებული ტაილანდის საელჩო ფარავს. ტაილანდური მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციისა და გამოძიების მიმდინარეობაზე თვალყურის დევნების მიზნით, ანკარაში ტაილანდის საელჩოს წარმომადგენლები მოავლინა.

მათივე ცნობით, საელჩოს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ქართველ სამართალდამცველებს, ხოლო 30 ივლისს დაგეგმილი იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

რაც შეეხება მოგზაურის ცხედრის სამშობლოში გადასვენებას, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს პროცედურები მას შემდეგ დაიწყება, რაც ქართული მხარე გამოძიებას დაასრულებს. მინისტრმა დასძინა, რომ ეს პროცესი ასევე დამოკიდებულია ოჯახის სურვილზე, რადგან შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე ოფიციალურ პირებს ნათესავებთან კონსულტაცია დასჭირდებათ.

ფოტო: The Nation Thailand