დედაქალაქის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორი კომპანია „სმარტ სოლუშენს“ ოთხჯერ დააჯარიმა იმ მიზეზით, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

ეს ირკვევა ჯარიმების წერილებიდან, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული და თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა.

კომპანია დაჯარიმებულია ოთხჯერ: 24 ივლისს, 29 ივლისს ორჯერ და 10 აგვისტოს, ერთი და იმავე საფუძვლით, რომ კონტრაქტის პირობების საწინააღმდეგოდ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

თითოეულ შემთხვევაში კომპანია დააჯარიმეს ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ით, რაც ჯამში 5 000 ლარამდეა.

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.