ახალი ამბები

დევნილთა გამოსახლების მორიგი ტალღა

16 დეკემბერი, 2010 • • 1422
დევნილთა გამოსახლების მორიგი ტალღა

ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში ჩასახლებული დევნილები, როგორც თავად ამბობენ, ახალ წელს, სავარაუდოდ, ქუჩაში შეხვდებიან. სამი დღის წინ მათ სამინისტროსგან წერილი მიუვიდათ, რომ ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობა, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი, ათ დღეში უნდა დატოვონ.

ვაჟა-ფშაველას მესამე კვრატალში, მერვე ,,ა’’ კორპუსში, 21 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. 18 ოჯახი ამ შენობაში, როგორც თავად ამბობენ, სამინისტრომ 2008 წელს დროებით შეასახლა მას შემდეგ, რაც ისინი ამავე წელს კოდორის ხეობიდან გამოდევნეს. დევნილები კოდორიდან ამ მისამართზე 2,5 წელია ცხოვრობენ. ასევე 2,5 წელია აქ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი. ისინი 1993 წლიდან არიან დევნილები და უკვე თვრამეტი წელია თბილისში ცხოვრობენ.

,,2,5 წელია, რაც ახალ დევნილებთან ერთად ამ შენობაში ვართ, მანამდე ნათესავებთან ვცხოვრობდით’’, – ამბობს ნათია კუპრაძე დევნილი აფხაზეთიდან.

2,5 წლის განმავლობაში დევნილებმა გაერო-ს, ნორვეგიის მთავრობისა და ,,ქართუ ფონდის’’ დახმარებით, საცხოვრებელი პირობები მოიწყვეს. მათ მიერ გამოყოფილი თანხით, როგორც დევნილები ყვებიან, მოწესრიგდა ობიექტში კანალიზაციის სისტემა, გარემონტდა საცხოვრებელილ ოთახები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები.

Image 2757
Image 2757

13 დეკემბერს დედევნილებს ატყობინებენ, რომ საცხოვრებელი, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას, არის სახელმწიფო საკუთრება, შენობა არ არის გამიზნული დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებლად, ამიტომ შენობის მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს უძრავი საკუთრება, რის გამოც სამინისტრო დევნილებს ატყობინებს, რომ საცხოვრებელი 10 დღის განმავლობაში უნდა დაცალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია განახორციელებს მათ იძულებით გამოსახლებას.

წერილში არ არის მითითებული, სად თავაზობს სამინისტრო დევნილებს ალტერნატიულ ფართს, თუმცა თავად დევნილები ამბობენ, რომ სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მათ ეს წერილი მიუტანა, სავარაუდო გადასახლების ადგილებად რაიონები დაასახელა.

დევნილები ამბობენ, რომ სახელმწიფო რაიონებში მათ ისეთ ადგილებს სთავაზოს, სადაც ცხოვრება შეუძლებელია. მათი თქმით, ისინი არ დათანხმდებიან სამეგრელოს რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში და მსგავს ადგილებში მათ გადაყვანას.

დევნილებთან დღეს მოძრაობა ,,თავისუფალი საქართველოს’’ წევრი კახა კუკავა და ,,კონსერვატიული პარტიის’’ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მივიდნენ, რომლებიც მათ გამოსახლებას აპროტესტებენ და მათ მხარდასაჭერად ხვალ, 14.00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. კუკავა ამბობს, რომ ასეთი წერილი, მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ ცნობით, ამ დღეებში უკვე 50 დევნილთა დასახლებაში მივიდა.

Image 2758
Image 2758

 

,,ჩვენთვის ძალიან კარგად არის გასაგები კოდორის ხეობიდან საოკუპაციო ჯარებმა რატომ გამოასახლეს ქართველები, მაგრამ საქართველოს დედაქალაქიდან ქართველები რატომ უნდა გაასახლოს საქართველოს პოლიციამ, ეს არის გაუგებარი’’, – განაცხადა კუკავამ დევნილებთან შეხვედრისას.

დევნილთა გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ელენა ფერეტიმ. იგი ამბობს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დევნილთა ნაწილმა (ძველმა და ახალმა) თბილისში მთავრობის თანხმობისა და დახმარების გარეშე დაიკავა შენობები და იქ არალეგალურად ცხოვრობს. ფერეტი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობამ გააცნობიერა მათი კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობა და არ გამოუსახლებია ისინი ამ შენობებიდან.

ფერეტის თქმით, შენობა, რომელიც არ არის რეგისტრირებული კოლექტიურ ცენტრად,  უნდა დაუბრუნდეს მფლობელს, ან დაიხუროს.

,,მათ, ვინც მიიღეს წერილობითი შეტყობინებები, უნდა დატოვონ უძრავი ქონება. მათ სამინისტრო ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს;  მათ, რომლებმაც უკვე მიიღეს კომპენსაციები, უნდა დატოვონ საცხოვრებელი ფართები;  დევნილებმა, რომლებიც რეგისტრურებულები არიან კოლექტიურ ცენტრებში (თბილისში ან რეგიონებში), ამ საკუთრების პრივატიზაცია უნდა მოახდინონ; მათ, ვინც ცხოვრობდნენ კერძო სექტორში (ნაქირავებში ან ნათესავთან) და ახლა არაფერი გააჩნიათ, სთავაზობენ სახლებს იქ, სადაც შესაძლებელია და რომლებიც უკვე რეაბილიტირებულია. ასეთი სახლები არის კახეთში, სამეგრელოში და ზოგჯერ თბილისშიც კი (იმ დევნლებისთვის, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობდნენ თბილისში კოლექტიულ ცენტრებში)’’, – განმარტა ფერეტიმ.

ფერეტის გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენლის ადამიანის უფლებათა საკითხებში, ვალტერ კაელინის სიტყვები მოყავს და განმარტავს, რომ იდეალურ შემთხვევაში განსახლების პროცესისას დევნილებისთვის სამინისტრომ ისეთი ქმედებები უნდა განახორციელოს, რომლებიც მათთვის შემოსავლის მიღების წყარო გახდება. კაელინი ფიქრობს, რომ ეს დევნილთა ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ნეტგაზეთმა დევნილთა და განსახლების სამინისტროსაც მიმართა კომენტარისთვის. სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელის ეკა გულუას თქმით, სამინიტრო ამ საკითხებზე გაეროსთან ერთად მუშაობს, ამიტომ პრესამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ფერეტის კომენტარი სამინისტროს აზრსაც გამოხატავს.

დევნილებს არ აქვთ ინფორმაცია, ამ ეტაპზე სამინისტრო, საცხოვრებელთან ერთად, რაიონებში მათ მიწებსაც თუ გადასცემს, სადაც ისინი შეძლებენ რაიმე მოიყვანონ. არც ის იციან, რა სიდიდის ფართს მიიღებენ, პირობებთან დაკავშირებით კი მხოლოდ სხვების გადმოცემულ ინფორმაციას ფლობენ.

,,ფოცხო–ეწერში ვინც წაიყვანეს, ის ხალხი გამორბის იქიდან. ელემენტარული პირობები არ არის. აქ ოჯახში ერთი კაცი მაინც მუშაობს, ბავშვები აქ დადიან სკოლაში და ასე თუ ისე მოწყობილები ვართ’’, – ამბობს, დევნილი კოდორიდან თეონა აქუბარდია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელი იურისტი ეკა ფოფხაძე სამინისტროს ქმედებას კანონიერს უწოდებს და განმარტავს, რომ კანონი, ძირითადად, იცავს იმ დევნილებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ამ კოლექტიურ ცენტრში, ასეთ შემთხვევაში, ფოფხაძის თქმით, დევნილების გამოსახლების სხვა წესი და პროცედურაა და დევნილებიც დაცულნი არიან.

,,ასეთ შემთხვევაში კი სამინისტროს პოზიციაა, რომ ახალი დევნილები ზოგიერთ შენობაში განთავსებულნი იყვნენ დროებით და იცოდნენ, რომ დატოვებდნენ ამ ფართს. ძველი დევნილები კი, ისევ სამინისტროს პოზიციით, იქ შეჭრილნი არიან. ამიტომ სამინისტროს უფლება აქვს, რომ ეს დევნილები გამოასახლოს. ოღონდ უნდა შესთავაზოს მათ ალტერნატივა. თუ მათ სამინისტრო ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს, მაშინ პროცესი შეგვიძლია სამართლიანად ჩავთვალოთ’’, – განმარტა ფოფხაძემ.

დევნილებმა საცხოვრებელი ფართი 24 დეკემბრამდე უნდა დაცალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში,  24 დეკემბერს პოლიცია მათ იძულებით გამოასახლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი