ახალი ამბები

ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლას ბავშვებსაც შეასწავლიან

16 დეკემბერი, 2010 • 1268
ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლას ბავშვებსაც შეასწავლიან

ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველომ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იზარალა. მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, ეს 3-ჯერ დიდი მაჩვენებელია.

ეს ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის საგანგებო სიტუაციების ოფიცერმა დრაგან მარკოვიჩმა დღეს სასტუმრო რედისონში გამართულ ღონისძიებაზე გაავრცელა.  „კონფერენცია ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა,  განათლების სისტემაში ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირება“ დღეს ჩატარდა და მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამანეტი, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს ბავშვთა ფონდი.

კონფერენციის მიზანი იყო მონაწილეთა ყურადღების გამახვილება განათლების სფეროში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სწავლების დანერგვაზე. კონფერენციაზე განიხილეს ის საშუალებები და გზები, რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებას სჭირდება. ეს იქნება მეთოდოლოგიის შემუშავება, სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შედგენა და ა.შ.

კონფერენციის მონაწილეთა აზრით, ბუნებრივ კატასტროფებთან და მის შედეგებთან საბრძოლველად სკოლებში შესაბამისი ცოდნის გავრცელება მნიშვნელოვანია, რადგან სამხრეთ კავკასია ბუნებრივი კატასტროფების მიმართ არამდგრად რეგიონად მიიჩნევა. აქ ხშირად ხდება  მეწყერები, ღვარცოფები, ასევე, ეს არის სეისმურად აქტიური ზონა.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, ანა ქებაძის თქმით,  ამ მხრივ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. შერჩეულ საპილოტე სკოლებში უკვე დაინერგა ახალი საგანი – სამოქალაქო თავდაცვა. სხვა საკითხებთან ერთად საგნის ფარგლებში ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავებაც ისწავლება. ქებაძის თქმით, პროექტის დახვეწა და განვითარება ჯერ კიდევ გრძელდება. სპეციალისტები მუშაობენ სპეციალური სახელმძღვანელოების შექმნაზეც.

ევროკომისიიის ჰუმანიტარული მისიის პროგრამის ოფიცერმა, ქეთევან ლომსაძემ თქვა, რომ ამჟამად ქართულ სკოლებში ყველაზე მეტად საჭიროა პერსონალის გადამზადება და ევაკუაციის გეგმის შედგენა. ეს ყველაფერი ათეულობით წელია საქართველოში არ არსებობს. ქეთევან ლომსაძის აზრით, მსგავსი საკითხები სწრაფად უნდა მოგვარდეს, „რადგან არავინ იცის, როდის მოხდება ბუნებრივი კატასტროფა.“

ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ცოდნის არსებობის აუცილებლობაზე მიუთითა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ბენჯამინ პერსკმა.

მისი თქმით, ბუნებრივი კატასტროფებისას ყველაზე მეტად განვითარებადი ქვეყნები ზარალდებიან. მან გაიხსენა ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი მიწისძვრა, რასაც 200 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე თვეში კი უფრო ძლიერო მიწისძვრა მოხდა ჩილეში, რა დროსაც მხოლოდ 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

ბენჯამინ პერსკის აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩილეში არსებობდა გამართული ინფრასტრუქტურა და ცოდნა, რომლითაც ეფექტურად გაუმკლავდნენ კატასტროფის შედეგებს.

პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის განათლების არსებულ სისტემას და კატასტროფებისთვის მზადყოფნის პოლიტიკას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდება სათანადო სახელმძღვანელოები, გადაამზადებენ პედაგოგებს, სკოლებისთვის შეიქმნება საევაკუაციო გეგმები. პროგრამა სასწავლო ექსპერიმენტის სახით დაინერგება საქართველოს რეგიონების რვა სკოლაში, სადაც ბუნებრივი კატასტროფები ყველაზე ხშირად ხდება. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავებას. ამ ქმედებების მიზანია, რომ პირველ რიგში ბავშვებში გაიზარდოს კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული ცოდნა, რათა მათ კრიტიკულ მომენტებში, როგორც მინიმუმ, საკუთარი თავის გადარჩენა შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი