„დღეს მართლაც „სუპერ სამშაბათია“ გაფართოებისთვის“. ორ ათწლეულზე მეტია, ერთ დღეს გაწევრიანების ოთხი კონფერენცია არ გვქონია და დღეს სწორედ ეს მოხდება“, — განუცხადა დილით გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა ჟურნალისტებს.
დღეს ბრიუსელში იმართება ოთხი სამთავრობოთაშორისი კონფერენცია მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის წინ წასაწევად. სამთავრობოთაშორისი კონფერენციების ფარგლებში, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები კიდევ ერთი, მე-6 კლასტერის მიხედვით გაიხსნა. ალბანეთი მოლაპარაკებების თავების (25-ე, 26-ე და 30-ე) დახურვის ეტაპზე გადადის, ხოლო მონტენეგრო, რომელიც გაფართოების ქვეყნებს შორის მოწინავეა, მე-8 და 29-ე თავებს ხურავს.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ ბლოკში/კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები პირველი კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. მე-6 კლასტერი, რომელიც დღეს გაიხსნა, საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.
„გვჯერა, რომ დარჩენილი კლასტერებიც მალე გაიხსნება, რადგან „წინასწარი მომზადების“ და მთელი წინა მუშაობის წყალობით, ისინი უკვე მზად გვაქვს გასახსნელად. ევროკავშირში გაფართოების საკითხზე ერთიანობაა და ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ. დღევანდელი მესამე კონფერენციის მთავარი შედეგი ისაა, რომ პროცესი გრძელდება, მეოთხე კონფერენციის ორგანიზებას კი რაც შეიძლება მალე ველოდებით. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები მართლაც წარმატებული და სწრაფია, რაც ძალიან კარგი სიახლეა უკრაინული საზოგადოებისთვის“, — განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ.
ევროკომისია აცხადებს, რომ ტექნიკურად ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა გადაწყვეტილება 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს. უნგრეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დანარჩენი ბლოკების მიყოლებით გახსნას მაშინ, როცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დიდი ხანია, აწარმოებენ გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
„ევროკომისიის პოზიციით, ყველაფერი მზად არის ყველა კლასტერის რაც შეიძლება მალე გასახსნელად. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ გასულ წელს ე.წ. „წინასწარი მომზადების“ პროცესი. ასე რომ, თავმჯდომარეობასა და წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გავხსნით დარჩენილ ოთხ კლასტერს. თუმცა, ცოტა ლოდინიც რომ დაგვჭირდეს, ტექნიკური მუშაობა მაინც გრძელდება“, — განაცხადა კოსმა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეცვლის შემდეგ, ევროკავშირს გაფართოება სტრატეგიულ აუცილებლობად აქვს გამოცხადებული. კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. პოტენციური კანდიდატია კოსოვო. აქედან თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაყინულია 2018 წლის შემდეგ. საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გახსნილა, კანდიდატის სტატუსი კი, ევროკავშირის შეფასებით, მხოლოდ ქაღალდზე რჩება მას შემდეგ, რაც საქართველომ არ შეასრულა წინაპირობები, რომლითაც ის მიიღო.
2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერდა“ კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში მოცემულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლის გამო, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო.
2024 წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ევროპულმა საბჭომ წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მოწინავე ქვეყანაა მონტენეგრო, რომელთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მას მოსდევს ალბანეთი, რომელთანაც მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი გახსნილია და მათი დახურვის პროცესი იწყება.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეების “ტრიოს” პროგრამის მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს, საქართველო ნახსენები არაა და პრიორიტეტად არის გამოცხადებული უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზის მხარდაჭერა.
ამასთან, ისლანდია გეგმავს, 29 აგვისტოს ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა ისლანდიაში მთავრობის შეცვლის შემდეგ შეჩერდა. იმ დროისთვის მოლაპარაკებების 33 თავიდან 27 იყო გახსნილი. ისლანდია, ნორვეგიასთან და ლიხტენშტაინთან ერთად, ევროპის ეკონომიკური ზონის და შენგენის წევრია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს არაერთ სფეროში.
ავტორი: ნინო ჩიჩუა
