ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიან, შეწყალებაზე განცხადებას მაშინ შეიტანენ.
„იურიდიულ ნაწილში არანაირი სიახლე არ არის ჯერჯერობით. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რომ შეწყალებაზე, ან მაგდაგვარზე მივმართოთ პრეზიდენტს. თავად ზის ჩვეულებრივად, როგორც იჯდა, მხნედ არის. შეწყალებასთან დაკავშირებით დავსხდებით, როცა დრო მოვა, გავივლით კის, არას, პლუსს, მინუსს, ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით მივმართავთ განცხადებით შესაბამის ორგანოებს.
არანაირ სიგნალს არ ველოდებით. როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, ბატონი ირაკლი რომ ჩათვლის საჭიროდ, მეც რომ ჩავთვლი საჭიროდ, გამომდინარე ვითარებიდან, აი, მაგ დროს უკვე დავილაპარაკებთ, შევიტანოთ, თუ არ შევიტანოთ“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყოფილი პრემიერის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე კეთილგანწყობილი პოსტი დაწერა.
„ასე გვიკლავდნენ მამას ციხეში მას შემდეგ, რაც ოჯახმა უარი შევუთვალეთ სააკაშვილის მოთხოვნას, ჩამოშორებოდა ირაკლი პოლიტიკას, ანუ ეღალატა ბიძინა ივანიშვილისთვის!“, — წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს „იმედის“ სიუჟეტს თამაზ თამაზაშვილის შესახებ.
ეს პოსტი გადაზიარებული აქვს ნუნუკა თამაზაშვილს და დასძენს: „უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!“
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 იანვარს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დამატებითი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
