ახალი ამბები

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

23 აპრილი, 2025 •
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციის გასამართლებას ისახავს მიზნად.

გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, მაგრამ ის კომისიაზე არ მივიდა.

როგორც მან “ტვ პირველთან” განაცხადა, თავისი პარტიის წევრებთან და ასევე სხვა პარტიების იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც იმავე მიზეზით გირაო შეეფარდათ, განიხილავს, უნდა გადაიხადოს თუ არა აღნიშნული ჯარიმა.

მისივე თქმით, როგორც კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხზე, ასევე აღნიშნული გირაოს გადახდისა და არგადახდის საკითხზე ოპოზიციის ყველა წევრს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

“ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში ხალხი ცხოვრობდეს ნორმალურად. ექიმები, სტუდენტები, მსახიობები ციხეში არ იყვნენ. მოსამართლეს დღესაც ვუთხარი, რომ მისი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით, რადგან არ უწევდეს დავალებების შესრულება. სამართლებრივად საგამოძიებო კომისიაში ნახევარი უნდა იყოს ოპოზიცია, მაგრამ სად არის აქ ოპოზიცია? ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენში ძალიან დიდი ძალაა, მთავარია ეს ძალა აკუმულირდეს.

გირაოს გადავიხდი თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ, მათ შორის, სხვა პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც იმავე ბრალდებით გადასახდელი აქვს გირაო. მთავარია ცენტრალური მიზანი, რომელსაც ეს ყველაფერი ემსახურება.

ვფიქრობ, როგორც კომისიაზე მისვლა-არმისვლის საკითხზე, ისე ამ ჯარიმის გადახდისა და არგადახდის საკითხზე უნდა იყოს ერთიანი პოზიცია.

მიუხედავად მომხდარისა, ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ქვეყანას ამდენი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომლებიც გასათავისუფლებლები არიან”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გარდა გიორგი ვაშაძისა, კომისიაზე კიდევ არაერთი ადამიანი არ გამოცხადდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ირაკლი ოქრუაშვილს – 20 000, ხოლო გივი თარგამაძეს – 10 000.

მასალების გადაბეჭდვის წესი