7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა.
„დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი… მინდა, რომ საპატიმროში არავინ არასდროს აღარ იყოს. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვთ. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით, ოჯახს როცა შორდები, შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას… მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია“, — განაცხადა ვაშაძემ.
მან მადლობა გადაუხადა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს, გულშემატკივრებს, ვისგანაც წერილებს იღებდა, მათ შორის ემიგრანტებს.
„იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ, ყველას გვაძლიერებს. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს — საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის. ყოველდღე რომ ჩართავ ტელევიზორს, ციხეში მყარად ხარ და ძლიერად ხარ. მადლობა რუსთაველის პროტესტის ყველა მონაწილეს, ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს“, — განაცხადა ვაშაძემ.
მან თქვა, რომ შემართებითაა და არ აპირებს უკან დახევას.
ვაშაძე აბსურდულს უწოდებს ახალ ბრალს, რომელის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე წარუდგინეს და მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამ საქმის უკან წაღება.
გიორგი ვაშაძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს და 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.








