„სამეფო უბნის თეატრი“ რეჟისორ დავით დოიაშვილს, რომელიც კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა, სოლიდარობას უცხადებს.
გამოქვეყნებულ პოსტში “სამეფო უბნის თეატრი” აღნიშნავს, რომ დავით დოიაშვილის გათავისუფლება წარმატებულ თეატრალურ პროცესებზე თავდასხმაა.
“სოლიდარობა დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას! დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.
დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.
ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა “ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში”, – წერია “სამეფო უბნის თეატრის” განცხადებაში.
16 აპრილს კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ “თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა”.
ახალი თეატრი ძალიან აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. მათ მოამზადეს საპროტესტო მანიფესტი, რომელიც არაერთ ქალაქში წარადგინეს.
აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი სინდისის პატიმარია ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.