მსახიობებმა ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრი”.
მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეატრის ფასადიდან საბოლოო ჩამოხსნეს, სინდისის პატიმრის, ამავე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ახალი თეატრის ფასადის ცენტრში ერთ წელზე მეტი იყო გადმოკიდებული. თუმცა, 19 თებერვალს, მსახიობის ბანერი ჩამოხსნეს სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის. ამის შემდეგ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა, თეატრის მსახიობებმა ხელახლა გადმოკიდეს ბანერი, თუმცა, სხვა ადგილას. შესაბამისად, ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე „რუსთავი 2-ის“ ორი ბანერის გვერდით რჩებოდა.
20 თებერვალს დილით, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი კვლავ და უკვე საბოლოოდ ჩამოხსნეს. თეატრის მსახიობებმა მისი მოძებნა ვეღარ მოახერხეს.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს, პროევროპული აქციებისას დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გასულ წლის აპრილში ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის სამინისტრომ გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რომელიც ასევე აქტიურად აპროტესტებდა ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ თეატრის საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზებულია.








