ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ ფასადიდან კვლავ ჩამოხსნეს ამავე თეატრის მსახიობის, სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ახალი თეატრის ფასადის ცენტრში ერთ წელზე მეტი იყო გადმოკიდებული. თუმცა, გუშინ, 19 თებერვალს, მსახიობის ბანერი ჩამოხსნეს სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის. ამის შემდეგ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა ხელახლა გადმოკიდეს ბანერი, თუმცა, სხვა ადგილას. შესაბამისად, ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე „რუსთავი 2-ის“ ორი ბანერის გვერდით რჩებოდა.
თუმცა დღეს, 20 თებერვალს დილით, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი კვლავ ჩამოხსნეს. ადგილზე იკრიბებიან ჭიჭინაძის მეგობრები და კოლეგები.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს, პროევროპული აქციებისას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.








