“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს. ის აცხადებს, რომ არ ცნობს პარლამენტის, შესაბამისად, საპარლამენტო კომისიის ლეგიტიმურობას და მისვლას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ როგორც სხვების შემთხვევაში, ვინც უარი თქვა კომისიის სხდომაზე მისვლაზე, ვაშაძესაც ბრალს წარუდგენენ.
“ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან, და მოვიდეს! არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს! ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!
ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!”, – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კომისიაზე დაიბარეს ექსპრემიერი, პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია. თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა გახარია ყოფილი თანაგუნდელების კითხვებს კომისიის ფორმატში უპასუხოს.
“ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნა 2003-2012 წლებში მმართველი ხელისუფლებისა და მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. მოგვიანებით, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კომისიის მანდატი გაფართოვდება და 2012 წლიდან დღემდე პერიოდსაც მოიცავს.
ამავე თემაზე: