ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ მას “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე იბარებენ. “დროებას” პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.
“დღეს საღამოს გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა, რაც ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. დღეს საღამოს, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, თურმე, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ.
2008 წლის ომის ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ თუ პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიის შექმნის პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებ. არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული. დიდი სურათს გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე, ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ […]
საერთოდ გაუგებარია რისი გაგება სურთ ჩემგან, რასაც ლამის ყოველდღე სატელევიზიო ეთერში არ ვამბობ. თუმცა, თუ რამ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ და ჩემი მოსაზრება აინტერესებთ – მობრძანდნენ სატელევიზიო ეთერებში, ჟურნალისტებთან, ტელეწამყვანებთან და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ოღონდ, როგორც ჟურნალისტი აუცილებლად დავუსვამ კითხვას, რატომ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანას უცვლიან გეოპოლიტიკურ ორიენტაციას; რატომ არღვევენ, ყოველ დღე, ადამიანის უფლებებს; რატომ აღატაკებენ ქვეყანას და ხალხს აიძულებენ უცხოეთში გადაიხვეწონ ოჯახებით; რატომ აუქმებენ მრავალპარტიულობას და რატომ ამსგავსებენ საქართველოს პროვინციულ რუსეთს – გუბერნიას, რომელზეც უარიც ზუსტად 34 წლის წინ, მთელმა ერმა თქვა და რომლის ისტორიის გადაწერას და მომავლის გამრუდებასაც სახელმწიფოს მიმტაცებელი რეჟიმი ცდილობს”, – აცხადებს ჟურნალისტი.
“ქართულ ოცნებას” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მმართველი ხელისუფლებისა და მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
ამ კომისიის სხდომაზე 27 და 28 მარტს გამოკითხეს აგვისტოს ომის მონაწილე გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი. კომისიის მუშაობის პარალელურად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა გაააქტიურეს საკითხი – თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. მათი განცხადებები და კომისიის მუშაობის მიმდინარეობა აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა, კომისიის დასკვნით ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულონ.
“ოცნებამ” კომისიის სხდომაში მონაწილეობა სავალდებულოდ განსაზღვრა. მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე. 24 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოსაკითხად დაიბარეს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 25 მარტს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კომისიაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. მომდევნო დღეს, 26 მარტს ის პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. 27 მარტის, ხაზარაძე სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ამავე თემაზე: