არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კონკრეტულად, იმ ნაწილს, როცა კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის შეისწავლის. არქიმანდრიტი ამბობს, რომ კომისიის საქმიანობა არა სიმართლის დადგენას, არამედ ჯარის დემორალიზებას ემსახურება.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დაიბარა და გამოკითხვა ორი გენერალი – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი. რჩება აღქმა, რომ კომისია ცდილობს გამოკვეთოს ქართველი სამხედროების ბრალეულობა 2008 წლის აგვისტოს ომის დასწყებაში. ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 28 მარტს, კომისიის სხდომის პარალელურად, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად. გარდა ამისა, არაერთმა მოქმედმა თუ ყოფილმა სამხედრომ და პოლიციელმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ომში საქართველოს დადანაშაულება ქვეყნის ღალატია.
არქიმანდრიტი ჯინჯოლავა წერს, რომ “ქვეყნის შიგნით მყოფი მტრები” ცდილობენ ორი ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტის, ჯარისა და ეკლესიის დემორალიზებას.
“უკვე ცნობილია, რომ ინსტიტუციურ დონეზე დასუსტებულია სასამართლო, პროკურატურა, განათლება და ჯანდაცვა. მაგრამ ეკლესიაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა შეტევამ, უდავოდ, უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. ეს არ არის უბრალოდ ცალკეული პრობლემები – ეს მიზანმიმართული შეტევაა, რომელიც აღშფოთებას იწვევს ყველა იმ ადამიანში, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა სინდისი და რწმენა.
ახლა ჯერი ჯარზე მიდგა. ამ სისტემას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვითომ კომისიის სახელით ახორციელებენ, არ ემსახურება სიმართლის დადგენას, არამედ – ჯარის დემორალიზებას. ჯარისკაცებს ეუბნებიან: “შენ შეგიძლია იბრძოლო სამშობლოს დასაცავად, მაგრამ შეიძლება მმართველი არასწორ ბრძანებას გაძლევდეს, ამიტომ შენც დამნაშავე იქნები. ჯობია, საერთოდ არ იბრძოლო, მშვიდობაა მთავარი. თუ ძლიერი მტერი მოვა, ჩაბარდი მას”, – წერს ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.
არქიმანდრიტის თქმით, “ბოროტებას” ეკლესიის განადგურება იმიტომ სურს, რომ ის “ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დამცველია”, ხოლო ჯარის იმიტომ, რომ ის “ქვეყნის უსაფრთხოებისა და წესრიგის” იცავს. მისი თქმით, ამ ორი ინსტიტუტის დასაცავად პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.
“როცა ეკლესია და ჯარი დემორალიზებულია, ეს ნიშნავს, რომ ერი ორი მთავარ საყრდენს კარგავს: სულიერ საფუძველს (ეკლესია) და უსაფრთხოების გარანტს (ჯარი). ასეთ ვითარებაში გამოსავალი სულიერ და ზნეობრივ აღორძინებაშია.
ეკლესიის გაძლიერება უპირველეს ყოვლისა მისი მსახურების სიწმინდესა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული. აუცილებელია გაბედული და მართალი სასულიერო პირები, რომლებიც, წმინდა მამების მსგავსად, სიმართლის თქმას არ შეუშინდებიან. თუმცა, ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირები არ არიან — მორწმუნეებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოითხოვონ სიმართლე და მხარი დაუჭირონ მართალთ.
ჯარის აღორძინება ასევე ზნეობრივ და პატრიოტულ სულისკვეთებას მოითხოვს. ჯარისკაცებმა და მეთაურებმა უნდა გაიგონ, რომ სამხედრო ძალაუფლება მათ პირადი კეთილდღეობისთვის კი არა, ხალხისა და სამართლიანობის დასაცავად აქვთ მინიჭებული. ჯარს უნდა ჰქონდეს ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ხედვა და არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტად.
ამ პროცესში საზოგადოების როლი გადამწყვეტია. როდესაც ხალხი გულგრილია სულიერი და ეროვნული ღირებულებების მიმართ, ეკლესია და ჯარი უფუნქციო ხდება. თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და რწმენის წინაშე, არ უნდა დაუშვას, რომ ბოროტება ნორმად იქცეს, უნდა დაუჭიროს მხარი პატიოსან ლიდერებს და არ დაემორჩილოს სიმხდალესა და კორუფციას. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ეკლესიისა და ჯარის აღორძინება, რაც საზოგადოების სულიერი და ზნეობრივი გაძლიერების საწინდარია.
ბოროტებას სწორედ ის ინსტიტუტები სურს დაასუსტოს, რომლებიც ერის სულიერ და ფიზიკურ მდგრადობას განაპირობებს. ეკლესია და ჯარი ძლიერდება მაშინ, როცა საზოგადოება რწმენასა და სიმართლეს იცავს. დღეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური არ არის – ეს ბრძოლა სულის, ღირსებისა და ჭეშმარიტების დასაცავად მიმდინარეობს”, – წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: