ახალი ამბები

„დაკავება უნდათ“ — მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

26 მარტი, 2025 •
„დაკავება უნდათ“ — მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

„ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს.

ხაზარაძე პროკურატურაში მისვლაზე უარს აცხადებს და მზადაა, მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხოს.

„ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ — გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, — წერს ხაზარაძე.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაიწყო.

„ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას ასევე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მსგავსად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ დაწყებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი