ახალი ამბები

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ხაზარაძის წინააღმდეგ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო

26 მარტი, 2025 •
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ხაზარაძის წინააღმდეგ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო

„ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 349-ე მუხლითაა დაწყებული, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

სწორედ ამ კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას ასევე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მსგავსად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ დაწყებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი