ახალი ამბები

არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს

21 ნოემბერი, 2024 •
არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს

გიორგი გახარია მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა დღეს, 21 ნოემბერს განაცხადა ბრიფინგზე.

„მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს – მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი, ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის.

დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, არ იყოს მოპარული შემდეგი არჩევნები.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად იყო გაყალბებული და, კარგად მოგეხსენებათ, იყო სამი ძირითადი ფაქტორი: ეს იყო ფარულობა, კომისიების ფორმირება სრულად ოცნების გავლენის ქვეშ და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება.

…დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ „ოცნებას“ შესაძლებლობა მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის მიღების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე პროტესტისკენ მოუწოდა მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს:

„მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და, შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი“, – განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ნოემბრის ბოლოს ჩატარდება. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი