მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ითხოვს, რომ უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე დაუყოვნებლივ მორატორიუმი გამოცხადდეს.
დღეს, 20 ოქტომბერს, მოძრაობამ პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა – „სამშობლო იწყება სახლიდან: ვალისგან და გამოსახლებისგან დაცული საქართველოსთვის“, რომელიც საქართველოში ჭარბვალიანობის, მევახშეობისა და იძულებითი გამოსახლების სისტემური პრობლემების გადაჭრის გზებს გვთავაზობს.
მოძრაობის განცხადებით, დოკუმენტი წარმოადგენს ხედვას იმ სისტემურ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანების ვალზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მოვალეთა უფლებების დასაცავად და უსახლკარობის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრებლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლებებზე. სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს ადამიანების უსახლკაროდ დატოვება, სანამ არ შეიქმნება მათი უფლებების დაცვის, სამართლიანი დაკრედიტებისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ეფექტიანი სისტემა.
დღეს საქართველოში ათასობით ოჯახი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ამასთან, სახელმწიფოს არ გააჩნია სრულყოფილი სტატისტიკა, რამდენი ადამიანი კარგავს სახლს ვალაუვალობის გამო და რა ბედი ეწევათ გამოსახლებულ ოჯახებს.
პრობლემის მასშტაბზე წარმოდგენას ქმნის 2024 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ოჯახების თითქმის 83%-ს აუღია რაიმე ტიპის ვალი ან სესხი, ხოლო კვლევის ჩატარების მომენტში დავალიანება ჰქონდა ოჯახების 62%-ს. ვისაც უძრავი ქონება ვალით ჰქონდა დატვირთული, მათი 70%-ისთვის ეს ქონება ერთადერთი საცხოვრებელი იყო.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკანასკნელი საცხოვრებელი ჩვეულებრივი ქონებრივი აქტივი არ არის. მისი დაკარგვა ხშირად ნიშნავს არა მხოლოდ საკუთრების დაკარგვას, არამედ ადამიანის ღირსეული ცხოვრების ელემენტარული პირობების მოშლასაც. დაუშვებელია, ვალის არსებობა ოჯახის უსახლკაროდ დატოვების საწინდარი ხდებოდეს.
გამოსახლების პრობლემა არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ მოვალესა და კრედიტორს შორის კერძო დავად. საქართველოში ადამიანები ხშირად იძულებული არიან, ვალი აიღონ მკურნალობისთვის, საკვებისთვის, საცხოვრებლისთვის, განათლებისთვის ან უმუშევრობის პერიოდში თავის გასატანად. როდესაც ხელფასი ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, ხოლო სოციალური დაცვის სისტემა ადამიანებს კრიზისისგან ვერ იცავს, ვალი სოციალური დაცვის არაფორმალურ შემცვლელად იქცევა.
განსაკუთრებით მძიმეა მევახშეობისა და ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების პრობლემა. პრაქტიკაში ეს მექანიზმი ხშირად გამოიყენება მევახშური სესხის შესანიღბად, რის შედეგადაც ადამიანები საკუთარ ერთადერთ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით იაფად კარგავენ.
მორატორიუმი აუცილებელი, გადაუდებელი ნაბიჯია, თუმცა ის არ წარმოადგენს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას. ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემურ ცვლილებებს სამი ძირითადი მიმართულებით:
1. ვალზე დამოკიდებულების შემცირება – ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, ღირსეული შრომითი ანაზღაურება, უმუშევრობის დაზღვევა, სოციალური დაცვა და საბინაო
პოლიტიკა, რათა ადამიანებს ელემენტარული საჭიროებებისთვის ვალის აღება აღარ უწევდეთ.
2. მოვალეთა უფლებების დაცვა – მევახშეობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეგულაციები, კაბალური საპროცენტო პირობების შეზღუდვა, თვალთმაქცური გარიგებების გამოვლენა, უსამართლო ვალების გადახედვა და რესტრუქტურიზაციის მექანიზმების შექმნა. ამ პროცესში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა. 3. უსახლკარობის პრევენცია – უკანასკნელი საცხოვრებლის განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვა, გამოსახლების წინ ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასება, მედიაციისა და აღსრულების შეჩერების ეფექტიანი მექანიზმები, სამართლიანი აუქციონის წესები და სოციალური საცხოვრებლების სისტემის განვითარება.
ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრებლიდან იძულებითი გამოსახლებები! ხოლო ჩვენი საბოლოო მიზანია ისეთი საქართველო, სადაც ადამიანს აღარ უწევს ვალის აღება იმისთვის, რომ იკვებოს ან იმკურნალოს, ხოლო თუ ვალის აღება მაინც დაგჭირდა, ეკონომიკურად არ ნადგურდები და უსახლკაროდ არ რჩები“, – აცხადებს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის.
