ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა. უწყება აპირებს, მოწმობები ინდივიდუალურად გადასცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც მათივე გამოქვენებული შედეგების მიხედვით პარლამენტის წევრი გახდა.
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.
შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით”, – ვკითხულობთ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12 ნოემბერს ორმა კოალიციამ – “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” და კოალიციამ “ცვლილებებისთვის” – საჯაროდ მიმართა ცესკოს, არ გამოეცა მათზე პარლამენტის წევრად არჩევის მოწმობა. კოალიციების საარჩევნო სიის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურ განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. შესაბამისი განცხადებები დაწერეს არა მხოლოდ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით არჩეულმა წევრებმა, არამედ ყველამ.
ბრიფინგი არ გაუმართავს კოალიცია “ძლიერი საქართველოს”, თუმცა “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ამ პროცედურას თავადაც გაივლიან. კითხვების გაჩენის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კოალიციის წევრები ცესკოსთვის მიმართვის განცხადებას წერენ.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში განმარტეს, რომ ცესკოსთვის იმავე მოთხოვნით მიმართვას ისინი არ აპირებდნენ, არგუმენტად კი ასახელებენ იმას, რომ კანონი მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას “იურიდიული ნონსენსი” უწოდა, ბექა ლილუაშვილმა კი ისინი პოპულიზმში დაადანაშაულა.
მოგვიანებით, საკითხი განმარტა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმაც. მან თქვა, რომ კოალციიების მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით შეუძლებელია.