ახალი ამბები

ორი ოპოზიციური კოალიცია უარს ამბობს მანდატებზე და ცესკოს მიმართავს

12 ნოემბერი, 2024 •
ორი ოპოზიციური კოალიცია უარს ამბობს მანდატებზე და ცესკოს მიმართავს

ორი კოალიცია, რომელმაც ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა, უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. საუბარია “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა” და კოალიციაზე “ცვლილებებისთვის”.

კოალიციების საარჩევნო სიების წევრებმა ინდივიდუალური განცხადებებით მიმართეს ცესკოს და მოითხოვეს, არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გასცენ მათზე პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ მოწმობა.

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არჩევნები რჩება მოპარულად, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ შეუძლებელია “ქართულმა ოცნებამ” შეძლოს ხელისუფლების მიტაცება. მათი ეს “წარმატება” არის დროებითი, ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმად დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველანი ერთად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან აღნიშნა, რომ ამ განცხადებას წერს არა ცესკოს არსებული შედეგების მიხედვით არჩეული პარლამენტის წევრები კოალიციიდან, არამედ მათი საარჩევნო სიის ყველა – 82-ვე წევრი.

“ყველა, ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში”, – ამბობს გვარამია.

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ კოალიციაში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე. დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცესკოს, რომ არცერთი კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ორივე კოალიციის წევრებმა შესაბამის განცხადებებს ხელი კამერების წინ, პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

კოალიციაში “ძლიერ საქართველოში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ პარლამენტში შესვლას არც ისინი აპირებენ. პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებენ არც პარტიაში – “გახარია – საქართველოსთვის”. თუმცა, მათ ოფიციალურად ცესკოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი