სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით გამოავლინეს პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა გამიზნულად შექმნა Facebook და Instagram ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

„გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, Facebook Messenger-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ, სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და აიძულა, რომ მისთვის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გაეგზავნა.

ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისში მცხოვრებ 40 წლის კაცს, 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, ბრალი წარედგინა პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე – 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.