პოლიციელის მიერ მოქალაქისთვის თმის მოქაჩვის ფაქტით არცერთი უწყება არ დაინტერესებულა – არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს, და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც პოლიციელების მიერ სხვადასხვა დისციპლინურ თუ ეთიკურ დარღვევებს სწავლობს.
შსს-ში დაზუსტებით ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა მოკვლევა და ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ, შემდეგ კი “ნეტგაზეთის” ზარებს აღარ უპასუხეს. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უწყებაში გვითხრეს, რომ “ყველა მომართვაზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები”. საგამოძიებო სამსახურს შევახსენეთ, რომ მათ აქვთ ვალდებულება, გამოძიება დაიწყონ საჯაროდ გავრცელებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტზეც, იმის მიუხედავად, მიმართავს თუ არა მათ დაზარალებული. უწყებაში გვითხრეს, რომ ვერ მოგვაწვდიან ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტზე.
საქმე ეხება 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, როცა პოლიციელმა თმაზე მოქაჩა 20 წლის სტუდენტს, ნატა ჭიოკიძეს. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ქალს უკნიდან ეპარება, თმაზე ქაჩავს და ძალის გამოყენებით ცდილობს გადაადგილებაში ხელი შეუშალოს.
როგორც ნატა ჭიოკიძე ჰყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პოლიციელებმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. მან დაინახა, რომ პოლიციელმა კოლეგას ანიშნა, დაეკავებინათ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მასთან ერთად იდგა ტროტუარზე. გოგონა ამ კაცს არ იცნობდა, მაგრამ გადაწყვიტა მისულიყო და გაეფრთხილებინა.
“როდესაც დაიწყეს აქციის დაშლა და ქალების გადაყვანა ტროტუარის მეორე მხარეს, მე გადმოვედი აქეთ, მუზეუმის მხარეს. დავინახე, როგორ ანიშნა, რომ დაეკავებინათ ეს კაცი და ვიფიქრე, გავარიდებდი, ვიდრე პოლიცია მოვიდოდა და დააკავებდა. ეს კაციც ტროტუარზე იდგა ჩემთან ერთად […] ვიდრე ამას ვცდილობდი, თმაში მწვდა 20 წლის გოგონას ეს კაცი [პოლიციელი]”, – ამბობს ნატა ჭიოკიძე TV პირველთან საუბრისას.
თავად პოლიციელმა, რომელმაც მოქალაქეს თმაზე მოქაჩა, საკუთარი საქციელი ახსნა როგორც “გარიდება”. TV პირველის კითხვაზე, ფიზიკური ძალადობა არის თუ არა გარიდება, მან უპასუხა – “იმიტომ, რომ თვითონაც ძალადობდა ფიზიკურად”.
საბოლოოდ, მოქალაქე დავით გუნაშვილი დააკავეს. ნატა ჭიოკიძე ამბობს, რომ არ აპირებს უჩივლოს პოლიციელს, რადგან არ ენდობა საგამოძიებო უწყებებს.
“თავისი გასჭირვებია ამ კაცს [პოლიციელს], 20 წლის გოგოს თმით ითრევს რუსთაველზე – ეყოფა”, – თქვა მან.
რა მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება მომხდარზე?
ყოფილი პროკურორი, იურისტი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ როგორც მინიმუმ, სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი გულისხმობს “ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას”, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის დაზიანება.
“თმით თრევა სხვაგვარ ძალადობაში კლასიკურად ჯდება”, – ამბობს იურისტი.
მწარიაშვილი, რომელიც იცავს ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ინტერესებს, პარალელს ავლებს მედიამენეჯერის საქმესთან. ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გარტყმის გამო ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს ასე მძიმედ.
თუმცა, რადგან პროკურატურამ მას ეს ბრალდება წარუდგინა, დაზარალებულს, ანუ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უწევს ამტკიცოს, რომ ამაღლობელის მიერ მარცხენა ხელით გარტყმულმა სილამ ლოყა ატკინა. სწორედ ამას ამბობს დგებუაძე საკუთარ ჩვენებაში. უფრო მეტიც, ის ამტკიცებს, რომ გაუწითლდა როგორც ლოყა, ისე ყური. დგებუაძის გაწითლებული ლოყა ან ყური არ ჩანს მომხდარიდან რამდენიმე წამში გადაღებულ ვიდეოში. თუმცა ფაქტის დასადასტურებლად დგებუაძეს მასზე დაქვემდებარებული 5 პოლიციელი მოჰყავს, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში სიტყვა-სიტყვით იდენტური ფორმულირებებით ადასტურებენ, რომ მათ ხელმძღვანელს მართლაც გაუწითლდა ლოყა და ყური.
“ამათი პრაქტიკით, საკმარისია ამ გოგომ თქვას, მეტკინაო და ეგ არის. ისე, როგორც დგებუაძე ამბობს. თმით მოქაჩვა რომ უფრო ეტკინება ადამიანს, ვიდრე მზიას გარტყმული სილა, ხომ ცხადია?!”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.
რას ნიშნავს, როცა საგამოძიებო უწყებები უგულებელყოფენ პოლიციელის მიერ მოქალაქისთვის თმაზე მოქაჩვის ფაქტს?
“… მაშინ უნდა თქვან, რომ თმით მოქაჩვა არ არის სხვაგვარი ძალადობა, რაც აბსოლუტურად შეცვლის პრაქტიკას. თუ თმის მოქაჩვა არ არის, მაშინ შემოლაწუნება საერთოდ არ არის ძალადობა”, – ამბობს მწარიაშვილი
კიდევ ერთი მუხლი, რომელიც შესაძლოა ესადაგებოდეს მომხდარ შემთხვევას, არის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. უფრო ზუსტად კი, ამ მუხლის მე-3 ნაწილი – ამ ქმედების ჩადენა ძალადობის გამოყენებით. მწარიაშვილი განმარტავს, რომ ამის დასადასტურებლად საჭიროა არაერთი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა და დადასტურება. მაგალითად, ასრულებდა თუ არა ეს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას უშუალოდ ქმედების განხორციელების მომენტში, დამკავებელი პოლიციელია თუ არა, რა წინაპირობა ჰქონდა მომხდარს და ა.შ.
“გააჩნია, რა გარემოებებს გამოკვეთ. ზედაპირზე რაც ჩანს, 126-ე მუხლით ძალიან მარტივად დაიწყებ გამოძებას. თუ ისეთი გარემოება გამოვლინდება, რაც სამსახურებრივ მოვალეობასთან დააკავშირებს, მაშინ 333-ეც შეიძლება. შეიძლება ამ კუთხითაც იფიქრო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ფორმა აცვია, არ ნიშნავს, რომ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
[…] იქ პოლიციელი პირდაპირ მოქმედებს მისი სამსახურებრივი მოვალეობას საწინააღმდეგოდ. მას არსად არ უწერია, რომ გაექანოს და თმით ითრიოს ქალი. რომც აკავდებდეს, ამასაც თავისი წესი აქვს – დაკავების საფუძველი, რა ძალა უნდა გამოიყენოს და ა.შ.”, – ამბობს მწარიაშვილი.
სახეზე გვაქვს ორი ფაქტი – პოლიციელი კაცის მიერ სტუდენტი გოგონასთვის თმის მოქაჩვა და მისთვის გადაადგილების ამ ფორმით შეზღუდვის მცდელობა და ქალის მიერ, შეურაცხყოფის საპასუხოდ, პოლიციის უფროსისთვის სილის გარტყმა მარცხენა ხელით. ობიექტური თვალით,
პირველი შემთხვევის შემდეგ უკვე ორი დღე გავიდა, თუმცა მას სამართლებრივი შეფასება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. მეორე შემთხვევიდან 101 დღე გავიდა. მზია ამაღლობელი უკვე 101 დღეა ციხეშია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობა 4-დან 7 წლამდე ემუქრება.