საზოგადოება

ივანიშვილმა დააკონკრეტა რის ჩაწერას აპირებენ კონსტიტუციაში ეკლესიისგან სახელმწიფო რელიგიაზე უარის შემდეგ

31 აგვისტო, 2024 •
ივანიშვილმა დააკონკრეტა რის ჩაწერას აპირებენ კონსტიტუციაში ეკლესიისგან სახელმწიფო რელიგიაზე უარის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს “უფრო ზუსტად” ასახავენ. ამის შესახებ ივანიშვილმა გურიაში განაცხადა “ოცნების” ამომრჩეველთან შეხვედრისას, სადაც ისევ ტყვიაგაუმტარი შუშის მეშვეობით გამოვიდა სიტყვით.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინადადებას სთავაზობდა, რასაც საკუთარ საარჩევნო პროგრამაში შეიტანდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ წინადადებაზე “ოცნებამ” ეკლესიისაგან უარი მიიღო.

საქართველოს კონსტიტუცია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში ისედაც აღიარებს. მეტიც, არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც თავად მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია სახელმწიფოსთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმად.

საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად წერია:

მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

ბიძინა ივანაშვილი გურიაში ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის:

“იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის “ქართულ ოცნებას” მინიმუმ 113 მანდატი ესაჭიროება 150-დან, რაც მანდატების 75%-ია. ასეთი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” არც ერთ არჩევნებში არ ჰქონია . გარდა ამ საკითხისა, “ოცნება” მოსახლეობას ჰპირდება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი