ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგების დაპირებასაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ იძლევა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაა.
მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა საპატრიარქოში გუშინ, 26 აგვისტოს, გაიმართა.
როგორც პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „ფორმულასთან“ ამბობს, მიუხედავად „ხელისუფლების კორექტული დამოკიდებულებისა“, ამ ეტაპზე კონსტიტუციური შეთანხმების ცვლილებაზე საუბარი სწორი არ არის.
მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი არ აქვს, თუმცა არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, კონკორდატი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს.
„ვესწრებოდი გუშინდელ შეხვედრას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს არის ძალიან კორექტული, მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოდელებს უკავშირდება. ამიტომ ამაზე შორს ნუ წავალთ. არავითარი საფუძველი ჯერ არ არსებობს იმისა, რომ ეს სამართლებრივი მოდელი შეიცვალოს…
საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ჰქონდა პატრიარქს ადრე. ხელისუფლებას ძალიან კორექტული და კარგი დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ სფეროში. ჯერჯერობით იმაზე ლაპარაკი, რომ შეიცვლება ის კონსტიტუციური შეთანხმება, რაც არსებობს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, არ არის სწორი და არ შეიძლება ამაზე რაიმე საუბარი“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
„სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და შესაბამისად სახელმწიფო არ არის დამოუკიდებელი ეკლესიისგან… მაგალითად [ეს ნიშნავს, რომ] ეკლესიის იერარქების და სასულიერო პირების დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო – უფრო სწორად ეკლესია სთავაზობს და სახელმწიფო ამტკიცებს. ეს ისტორიულმა რეალობამ უნდა მოიტანოს და გარკვეული აუცილებლობა უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და სიკეთის მომტანი არ იქნება ეს. ის, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება არსებობს ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, ეს ფაქტი უკვე ნიშნავს განსაკუთრებულ როლს“, – განუცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ფორმულას“.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, მას არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 4 საკითხის გადასაჭრელად სჭირდება, თუმცა მმართველ პარტიას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია რა არის მეოთხე საკითხი. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ 20 აგვისტოს განცხადებაში.