საზოგადოება

მორაგბე ემიჯნება, “ოცნებას”, რომელმაც საარჩევნო რეკლამაში მისი ხმა გამოიყენა

24 ოქტომბერი, 2024 •
მორაგბე ემიჯნება, “ოცნებას”, რომელმაც საარჩევნო რეკლამაში მისი ხმა გამოიყენა

მორაგბე სოსო მათიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ “ქართული ოცნების” ახალ საარჩევნო კლიპში მისი ხმაა გამოყენებული. როგორც მორაგბემ აღნიშნა, თავად ამ პოლიტიკური პარტიის არც მომხრეა და არც ამომრჩეველი.

როგორც სოსო მათიაშვილმა აღნიშნა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, “ქართულ ოცნებას” ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდა, რადგან რაგბის მატჩი, რომელიც წარსულში მიჰყავდა კომენტატორის რანგში, ტელეკომპანია იმედზე შუქდებოდა და კონტრაქტში ეწერა, რომ ხმის გამოყენების უფლება აქვთ.

“ამ პოლიტიკურ “რეკლამის” დასაწყისში, მოგეხსენებათ, ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა.

ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად, რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ.

რაც მთავარია, ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია, საქართველოს!”, – წერს მორაგბე.

“ოცნების” საარჩევნო კლიპში, რომელიც 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა, პერსონაჟი უყურებს სპორტულ მატჩს, სწორედ ამ დროს ისმის კომენტატორის (სოსო მათიაშვილის) ხმა “გავიმარჯვეთ!”

ზემოაღნიშნული ვიდეორგოლი, ფაქტობრივად, იმ კლიპის ასლია, რომელიც 2018 წელს რუსეთის სამთავრობო პარტიამ წინასაარჩევნოდ გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი