პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ემხრობიან.
ამის შესახებ ხაზარაძემ განცხადება დღეს, პირველ სექტემბერს გაავრცელა, რითაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინადადებას სთავაზობდა, რასაც საკუთარ საარჩევნო პროგრამაში შეიტანდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ წინადადებაზე “ოცნებამ” ეკლესიისაგან უარი მიიღო.
როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, თუ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებენ, კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს „უფრო ზუსტად“ ასახავენ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკლესიის თემით უნდათ მანიპულირება. ამიტომ ის „ოცნებას“ მიმართავს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიმართოს.
„თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება.
ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს კონსტიტუცია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში ისედაც აღიარებს. მეტიც, არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც თავად მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია სახელმწიფოსთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმად.
საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის “ქართულ ოცნებას” მინიმუმ 113 მანდატი ესაჭიროება 150-დან, რაც მანდატების 75%-ია. ასეთი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” არც ერთ არჩევნებში არ ჰქონია . გარდა ამ საკითხისა, “ოცნება” მოსახლეობას ჰპირდება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ა.შ.