ახალი ამბები

გახარიას პარტია კვლავ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლ-ცენტრებზე

13 აგვისტო, 2024 •
გახარიას პარტია კვლავ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლ-ცენტრებზე

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კვლავ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე. ამის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელიც გუშინ, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, “რასაც “ოცნება” მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა”

“ოცნებას” მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრების საქმეზე. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გახარიას პარტიამ ჯერ კიდევ შარშან, 2023 წლის მაისში მოითხოვა. მათ ინიციატივას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ სრული შემადგენლობით, გარდა მმართველ პარტიასთან აფილირებული “ევროპელი სოციალისტებისა”. პლენარულ სხდომაზე, სადაც კომისიის შექმნის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. შედეგად, კენჭისყრა ვერ შედგა და ინიციატივა ჩავარდა.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ მათ მიერ შეტანილ განცხადებებსა თუ საჩივრებზე სავარაუდო დანაშაულების შესახებ.

“დღემდე პროკურატურაში შავი ფულის გამოყენებასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ შეტანილ არც ერთ განცხადებაზე გამოძიებაც არ დაწყებულა. პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად, 2024 წლის აპრილიდან “ოცნებამ” ქოლ-ცენტრების გამოყენება აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო.

ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ქოლ-ცენტრების მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის”, – აცხადებს მეზვრიშვილი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე  პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა მიმდინარე წლის მაისში დაიბარეს. მიზანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. თუმცა საგაზაფხულო სესია ისე დაიხურა, კაციტაძე პარლამენტში არ მისულა.


გუშინ, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, ე.წ. „ჰელსინკის კომისიის“ განცხადება. მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნება დამოკიდებულია შავ ფულზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ქმედებები და დევნოს ოპოზიცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი