ახალი ამბები

„ოცნებამ“ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ხელი შეუშალა

19 მაისი, 2023 • 826
„ოცნებამ“ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ხელი შეუშალა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ეყარათ კენჭი, რეგისტრაცია არ გაიარა.

შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა და საკითხი კენჭისყრაზე არ დადგა.

იგივე პროცედურულ ხრიკს რამდენჯერმე მიმართა „ოცნებამ“ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე.

ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავდაპირველად პარტია „საქართველოსთვის“ წევრები გამოვიდნენ და კომისიას მხარს ღიად უჭერს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობა, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“. კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს „ქართული ოცნება“.

დადგენილების პროექტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს:

  • 2020 წლიდან დღემდე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათ განხორციელების სქემა, პასუხისმგებელი პირები;
  • შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები;
  • სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

პარლამენტში საკითხზე მომხსენებელი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილია, რომელთანაც ბევრი კითხვა აქვთ უმრავლესობის წევრებს.

„ქართული ოცნების“ წევრები თავიანთ გამოსვლებში ხაზს უსვამენ, რომ დაუშვილმა „ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის „შესაშური ცოდნა“ გამოავლინა, რითაც ისინი მიანიშნებენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობაში ყოფნის დროს ხელს აფარებდა „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ პირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი