ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში სდებს ბრალს.
„ქართული ოცნება დამოკიდებულია შავ ფულზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ქმედებები და დევნოს ოპოზიცია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიხედოს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც ასპონსორებენ “ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კონგრესში „ოცნებისა“ და „ქოლ-ცენტრების“ კავშირზე საუბრობენ. იგივე ჰელსინკის კომისია 31 ივლისის წერილში აცხადებდა, რომ „თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი “ქართულ ოცნებას” ზურგს უმაგრებს“.
ე.წ. „ქოლ-ცენტრები“, რომლებზეც საუბარი მიდის, საქართველოში და სხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. იქ დასაქმებული პირები ევროპისა და აშშ-ის მცხოვრებლებს უკავშირდებიან, თავს ბროკერებად ან სხვა სახის ფინანსურ კონსულტანტებად ასაღებენ და კლიენტებს მათი ჩადებული თანხის – ინვესტიციის მრავალჯერ დაბრუნებას ჰპირდებიან; თანხის მიღების შემდეგ კი უბრალოდ ქრებიან.
საქართველოში ქოლ-ცენტრების დახურვის შესახებ ბოლო დროს აქტიურად იუწყება სხვადასხვა საგამოძიებო სამსახური. იქამდე, „ქოლ-ცენტრების“ მფლობელობაში „ბი-ბი-სიმ“ დავით კეზერაშვილს დასდო ბრალი. პოლიტიკოსები – ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან, – ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ამ სქემაში მონაწილეობაში.
პარლამენტში „ქოლ-ცენტრებზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნაც იყო ინიციირებული, თუმცა ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.








