“ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი სახელმწიფოსგან ადამიანების დასაცავად შევქმენით. დეპარტამენტი ადამიანებისგან ხელისუფლების დასაცავად არ შეგვიქმნია. ავტორიტარიზმის ლოგიკა ასეთია: ადამიანების დაცვის ინსტრუმენტი ცენზურის ინსტრუმენტად უნდა გადაკეთდეს.
აქვე, სიძულვილის და ზიზღის ენამ, უცენზურო ლანძღვა-გინებამ პოლიტიკაში, ყველა მხრიდან, მიუღებელ ზღვარს მიაღწია, მაგრამ ზიზღის ენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის მიერ ამის “რეგულირებას”, ცენზურა ჰქვია”, – წერს მეზვრიშვილი.
დღეს, 18 მაისს, მამუკა მდინარაძემ დააანონსა სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს საჯარო კომუნიკაციას. მდინარაძე ირწმუნება, რომ ამ ინიციატივის მიზანია “იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამა დროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება”.
ნათია მეზვრიშვილი იყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას მოადგილე 2017-2019 წლებში. მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, მეზვრიშვილმა მთავრობაში ადმინისტრაცია ჩაიბარა. მეზვრიშვილი გახარიას მოადგილე იყო პარტიაში “საქართველოსთვის” რომელიც ექსპრემიერმა “ქართლი ოცნებიდან” წამოსვლის შემდეგ შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში სწორედ მეზვრიშვილის პერიოდში შეიქმნა. სტრუქტურის მიზანი იყო კონკრეტული ტიპის დანაშაულებზე (ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები და ა.შ.) დროული რეაგირება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგი.
