ახალი ამბები

თორდიას პასუხი მთავრობას: 31 მლნ-ით შემცირდა პრემიები და 45 მლნ-ით გაიზარდა დანამატები

19 ნოემბერი, 2015 • • 1331
თორდიას პასუხი მთავრობას: 31 მლნ-ით შემცირდა პრემიები და 45 მლნ-ით გაიზარდა დანამატები

“განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა კულტურის სამინისტროში დანამატების თემასთან დაკავშირებით. მან მაგალითად მოიყანა, თითქოს ჩვენი მონაცემებით მას ხელფასი უნდა გაეზარდოს 150 ათას ლარამდე. აქედან გამომდინარე, მე მინდა გთხოვოთ, ნებისმიერ ფინანსისტს და ეკონომისტს შეეკითხოთ, რამდენად ადეკვატურია მისი ეს შეფასება და ამ შედარების მოყვანა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ციფრებზე, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პრემიების საკითხში, რომელიც ასე თუ ისე დარეგულირდა მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებით, მან არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი და დანამატების ნაწილში გადაინაცვლა იმ თანხობრივმა მოცულობამ, რომელიც მანამდე იყო პრემიების მუხლით განსაზღვრული. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე ცალკეულ უწყებებში და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მხოლოდ მიმართული არის პრემიების დანამატებით ჩანაცვლებაზე. ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა იმ ციფრებზე, რომელიც მოგვაწოდა ხაზინის სამსახურმა,” – განაცხადა თორდიამ.

ლაშა თორდია, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
ლაშა თორდია, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე წარმოადგინა ის ციფრები, რაზეც მან 17 ნოემბერს ისაუბრა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” და რასაც მოჰყვა მთავრობის წევრების კრიტიკა. ციფრები ასახავს 2014 და 2015 წლების 9 თვის მაჩვენებლებს.

 

”დანამატის ნაწილში კულტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული იყო 81 832 ლარი, 2015 წლის ამავე მუხლში განსაზღვრულია 1,316,899 ლარი. თქვენ შეგიძლიათ, თქვენ თვითონვე გამოიყვანოთ პროცენტი ამ მაჩვენებლით. კი, ბატონო, კულტურის სამინისტროს დაემატა საჯარო სამსახურის იურიდიული პირები (სსიპ) და მათი თანხების აკუმულირებაც მოხდა მთლიანად კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ჩვენი პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ დანამატები არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრული იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის იმ უწყებებში, სადაც ასე მკვეთრად იზრდება დანამატის ხარჯები. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა იმაზე, თუ რატომ იზრდება შრომის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებებში. ხელფასები უნდა გაიზარდოს, პრემიებიც უნდა გაიცეს, დანამატებიც უნდა გაიცეს, მაგრამ იმ რეგულაციების ფარგლებში, რა რეგულაციებიც არის კანონმდებლობაში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, თუ რატომ გაიცემა ეს თანხები”, – აცხადებს თორდია.

 

მისივე თქმით, პრემიები და დანამატები გულისხმობს ან ზეგანაკვეთური შრომის შედეგად მიღებულ გასამრჯელოს, ან უქმე დღეებში მუშაობის გამო მიღებულ გასამრჯელოს და ა.შ.

 

“არ შეიძლება წინასწარ იყოს ცალკეული საჯარო მოხელეებისთვის განსაზღვრული დანამატიც და პრემიაც. სულისკვეთება საქართველოს მთავრობის იყო, შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, და თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, არ იღებენ პრემიებს, არ იღებენ პრემიებს მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოადგილეები, თუმცა იღებენ დანამატებს. შესაბამისად, ციფრობრივ გამოხატულებაში შემდეგნაირი სურათი გვაქვს: 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიების რაოდენობა, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა. ეს არის ის ციფრები, რომლებიც ბიუჯეტში დევს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის ნახვა”, – აცხადებს თორდია.

 

მისი თქმით, ამ პრობლემაზე საუბრობს არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა ორგანიზაციები.

 

“ჩვენ მივესალმებით სახელფასო შრომითი ანაზღაურების ზრდას სხვადასხვა უწყებებში. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, ვინაიდან იცვლება ეკონომიური მდგომარეობა მსოფლიოში და ყველგან იზრდება ხელფასები. შესაბამისად, ადეკვატურად უნდა გაიზარდოს ხელფასები. თუმცა, როდესაც მთავრობის სულისკვეთება იყო, რომ პრემიები უნდა შემცირებულიყო, ეს არ შემცირებულა ნომინალურ გამოხატულებაში. ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სადმე ხელფასის ზრდას,” – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

 

ლაშა თორდია ასევე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შედარებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელფასები 131%-ით გაიზარდა:

 

”მე გიდასტურებთ, რომ 2012 წლიდან 2016 წელთან შედარებით (4-წლიანი ინტერვალი აიღო მინისტრმა) სახელმწიფო აუდიტში გაიზარდა ხელფასები, მაგრამ ჩვენ ოთხწლიან ინტერვალებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთწლიან ინტერვალებზე. შედარება კეთდება წინა წელთან და მომავალ წელთან მიმართებაში. იმის თქმა, რომ სახელმწიფო აუდიტში გაიზარდა ხელფასები 131%-ით, ეს არის არაშესაფერისი შედარება, რომელიც შეიძლება მოვიყვანოთ.”

 

თორდიას თქმით, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება პრემიების დარეგულირებასთან დაკავშირებით და ჩანს ამ თანხების სხვა ფორმით გაცემა უწყებებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეკომენდაცია მისცა მთავრობას, რომ ეს დანამატების საკითხიც დარეგულირდეს.

 

”თუ თქვენ დაარეგულირეთ პრემიების საკითხი, აუცილებელია, რომ ქმედითი მექანიზმები შემუშავდეს იმისთვის, რომ დანამატების საკითხიც დარეგულირდეს. დაერქვას ამ თანხას ხელფასი და ყველასთვის იქნება თვალნათელი, რამდენი აქვს გასამრჯელო ამა თუ იმ უწყებაში საჯარო მოხელეს და რა არის იმის ზემოთ დანამატი და პრემია. ამაზე ვსაუბრობთ. მანიპულაციები, თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით შრომითი ანაზღაურების ზრდას, ან პოლიციელების, ჯარისკაცების და სხვა სამსახურში დასაქმებულების, ჩვენი მხრიდან არსად გაკეთებულა. მსგავსი განცხადება არც იმ გადაცემაში გაკეთებულა, სადაც მე ვიღებდი მონაწილეობას. ამიტომ აქცენტების გადატანა სხვა მიმართულებებით არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მე ყოველთვის მივესალმები, თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 2017 წლიდან თუ უფრო გვიან დარეგულირდეს აღნიშნული პრობლემა. საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს, თუ როგორ ფინანსდებიან უწყებები, რა არის გასამრჯელო, რა არის დანამატი და რა არის პრემია,” – განაცხადა თორდიამ.

 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი მინისტრი იღებს პრემიას და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

 

მთავრობის მეთაური მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, დაინტერესების შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგოების შესახებ მედიასაშუალებებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმღვანელმა ლაშა თორდიამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ საჯარო დაწესებულებების ნაწილში პრემიების გაცემის წესის შეზღუდვის შემდეგ ეს პრაქტიკა სახელფასო დანამატების გაცემამ ჩაანაცვლა. მისი თქმით, ხელფასი – ფულადი ფორმით პრემია შემცირდა 31 მილიონით, ხოლო ხელფასი – ფულადი ფორმით დანამატი გაიზარდა 45 მილიონით.

მასალების გადაბეჭდვის წესი