ახალი ამბები

IDFI: კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელებმა სარგოზე მეტი დანამატები მიიღეს

18 ნოემბერი, 2015 • 1292
IDFI: კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელებმა სარგოზე მეტი დანამატები მიიღეს

”სახელფასო დანამატები ყოველთვიურად გაიცემოდა თანამდებობის პირებზე და მათი ოდენობა 3050 ლარიდან 4 775 ლარამდე მერყეობდა. მაგალითად, მინდია ჯანელიძეს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანსა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – ყოველთვიურად ერიცხებოდა დანამატი 4 775 ლარის ოდენობით; გიორგი ზედელაშვილს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს – 3 050 ლარი; ალექსანდრე ჭიკაიძეს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეს – 3 050 ლარი,” – აცხადებს IDFI.

 

როგორც IDFI-ში ამბობენ, კრიზისების მართვის საბჭოს მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად, უწყების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 2 900 ლარიდან 3 200 ლარამდე მერყეობს: ”შედეგად, მაგალითად, კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის ალექსანდრე ჭიკაიძის ყოველთვიური შემოსავალი მისი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (2015 წლის 17 ივნისიდან) წერილის მიღების მომენტამდე (2015 წლის 3 ნოემბერამდე) პერიოდისთვის 5 975 ლარს შეადგენდა. საბჭოს მდივნის – მინდია ჯანელიძის ყოველთვიური შემოსავალი – 7 975 ლარს, პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის კი – 6000 ლარს. როგორც მოცემული თანამდებობის პირების მაგალითიდან ირკვევა, მათზე ყოველთვიურად გაიცემოდა სახელფასო დანამატი, რომელიც აღემატებოდა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.”

 

IDFI-ის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებზე 2014-2015 წლების განმავლობაში პრემია მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბრის თვეში ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით არის გაცემული და 76 900 ლარს გაუტოლდა:

 

”რაც შეეხება საბჭოს თანამშრომლებზე გაცემულ სახელფასო დანამატებს, ის საბჭოს თანამშრომლებს სისტემატიურად ერიცხებოდათ და 2014 წელს, ჯამში, 938 670 ლარი, ხოლო 2015 წელს 589 325 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ოდენობით დანამატი გაიცა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში 77 500 და 78 100 ლარის ოდენობით.”

 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ბრძანებით, IDFI-ის უარი ეთქვა ისეთი ინფორმაციის მიღებაზე, როგორიცაა 2014-2015 წლებში თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები. საბჭოს პოზიციის თანახმად, მოცემული დოკუმენტები შესაძლებელია ყოფილიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი.

 

”შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ მოგვეწოდა შემდეგი ინფორმაცია: კრიზისების მართვის საბჭოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 15 შტატგარეშე მოსამსახურის პოზიცია, საიდანაც მიმდინარე დროისთვის დაკავებულია 5 პოზიცია. აღსანიშნავია, რომ არასრული სახით მოგვეწოდა ინფორმაცია შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების შესახებ და გვეცნობა, რომ ის 500-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება. ამასთან საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურეებს 2014 წლის ბოლოს მიღებული აქვთ სადღესასწაულო პრემია შრომის ანაზღაურების 100 %-ის ოდენობით. შტატგარეშე მოსამსახურეებზე 2014-2015 წლების განმავლობაში არის დარიცხული სახელფასო დანამატი,” – ამბობენ IDFI-ში.


საქართველოს მთავრობის კანცელარია
საქართველოს მთავრობის კანცელარია

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, საბჭოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია მათ არ მიეწოდათ დეტალური სახით თითოეული ღონისძიებისა და მასზე გაწეული ხარჯების მითითებით.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, კრიზისების მართვის საბჭოში აიღეს თუ არა ხელფასზე მეტი დანამატი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს განაცხადა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.

 

“ეს არ არის სწორი ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომა მოხდა, ჩვენ გავეცით ეს ინფორმაცია, თუმცა დანამატი ხელფასზე მეტი ნამდვილად არ არის, თუმცა იმას ვადასტურებთ, რომ ჩვენს უწყებაში საკმაოდ მაღალი ხელფასებია იმიტომ, რომ ჩვენს უწყებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ადამიანები, შესაბამისად, მათ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ.”

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი აქვს თავად ჯანელიძეს ყოველთვიური ანაზღაურება, მან განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს:

 

“ყოველთვიური ანაზღაურება მაქვს, გამოქვეყნებულია, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს დეკლარაციაში. ზუსტად არ მახსოვს, როგორ გითხრათ.”

 

დებულების მიხედვით, კრიზისების საბჭოს მდივნის თანამდებობრივი სარგოა 3 200 ლარი, პირველი მოადგილის – 2 950 ლარი, მოადგილის – 2 925 ლარი, დეპარტამენტის დირექტორის – 2 900 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი