ISFED, რომელიც არჩევნების მონიტორინგს 48 მოკლევადიანი დამკვირვებლით, ორი ოლქის დამკვირვებლითა და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს, აცხადებს, რომ უბნის გახნის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. 15:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევებს, რომლებიც ძირითადად მოკლე დროში და ადგილზევე აღმოიფხვრა.
ორგანიზაცია გამოყოფს რამდენიმე თემას, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების წესის დარღვევას, ასევე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას საარჩევნო უბანზე და ასე შემდეგ. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებას:
საზოგადოებრივი აზრის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევა
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, რამდენიმე საინფრმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია საგარეჯოს ამომრჩეველთა საარჩევნო განწყობების კვლევის შედეგების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებით, საინფორმაციო სააგენტოებმა კანონით დადგენილი წესი დაარღვიეს. ასევე, ერთ-ერთ ვებ-საიტზე კვლევის წყაროდ მითითებული მისამართი არ იძებნება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მსგავსი ქმედება გამოიწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
„სამართლიანი არჩევნები“ დარღვევის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწვდის.
არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე
საგარეჯოს #11 და მარტვილის #2 საარჩევნო უბნებზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ორ-ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების შენიშვნის საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარეებმა „ქართული ოცნების“ თითო წარმომადგენელს უბნის ტერიტორია დაატოვებინეს.
საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული ხარვეზი
მარტვილის #26 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის მოთავსებამდე.
საგარეჯოს #8 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ იყო მითითებული პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები
საგარეჯოს #8 საარჩევნო უბანზე არ იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას ეცნობა, უბანს გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მიაწოდეს.
მარტვილის #2 და #26 საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ იყვნენ აღნიშნული ის ამომრჩევლები, რომლებსაც ხმა უნდა მიეცათ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მითითების საფუძველზე, ხარვეზი ორივე უბანზე გამოსწორდა.
ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები
მარტვილის #37 საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა.
მარტვილის #10 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მცდელობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით და დევნილის მოწმობის გარეშე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ჩარევის შედეგად, აღნიშნულ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.
საგარეჯოს #39 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა კენჭისყრის პროცედურების თანამიმდევრობის დარღვევას. კერძოდ, რეგისტრატორმა, მარკირების გავლამდე, ამომრჩეველს ხელი მოაწერინა ამომრჩეველთა სიაში. თუმცა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, რადგან უარი განაცხადა მარკირების პროცედურის გავლაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიამ ახსნა-განმარტების აქტი შეადგინა.
საარჩევნო უბნის ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებული პრობლემა
მარტვილის #31 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით დაიწყო მარკირების შესამოწმებელი აპარატის დაზიანების გამო.
ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების მიერ ჩანაწერთა წიგნში 5 შენიშვნა დაფიქსირდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნით, ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებში 3 საჩივარი წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების ოთხ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იმართება.