ახალი ამბები

რუსთავი 2-ის საქმე, რომლის ბედიც ადვოკატის თქმით 2-გვერდიან დოკუმენტზე ჰკიდია

27 ოქტომბერი, 2015 • • 1124
რუსთავი 2-ის საქმე, რომლის ბედიც ადვოკატის თქმით 2-გვერდიან დოკუმენტზე ჰკიდია

რუსთავი 2-ის სასამართლო საქმეზე ჯერ მტკიცებულებების გამორკვევის ეტაპი არ დაწყებულა. ყარამანიშილების ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით, ჯამში, ხალვაშს 7 სასარჩელო მოთხოვნა აქვს დაყენებული, თუმცა მტკიცებულება მხოლოდ ერთ მათგანზეა აქვს წარდგენილი და ისიც გაყალბებულია.

 

საუბარია ე.წ. ამორალურ გარიგებაზე. საქართველოს საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლით, ამორალური გარიგება ბათილია. ამორალური გარიგებას არაერთი სამართლებრივი განმარტება აქვს. სასამართლოში ხალვაშის წარმომადგენლების განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გარიგებით განსაზღვრულ ქონებასა და სამაგიეროდ მისაღებ თანხას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება არსებობს, რადგან ხალვაშს [ასევე მის კომპანია “პანორამას”] რუსთავი 2-ის წილების 100%, ჯამში, 268 997 დოლარად დაათმობინეს მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული სასაქონლო ექსპრტიზის დასკვნით ქონება 7 მილიონ ლარზე მეტი ღირდა. ამასთან, ხალვაშის მხარის ცნობით, ბიზნესმენს არც ზემოხსენებული 268 997$ მიუღია. ხალვაში ფიქრობს, რომ მყიდველებმა: შპს “საქცემენტმა” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტი], რომელსაც წილის 22% პროცენტი გადაეცა და შპს “გეო-ტრანსმა” [წილის 78%] მისი მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს და მათ დასაძრახი მოტივაცია ამოძრავებდათ. რაც შეეხება შემდგომ მყიდველებს, რომლებიც რუსთავი 2-ის წილებს იძენდნენ, მათ შორის ახლანდელ მფლობელებს, ხალვაში მათ არაკეთილსინდისიერ შემძენობაში ადანაშაულებს და ქონების მისთვის დაბრუნებას მოითხოვს.

 

ხალვაშის მხარეს სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მაშინ, როდესაც ხალვაშმა რუსთავი ორი 268 997 დოლარად გაყიდა, ტელეკომპანიის აქტივების რეალური ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დასკვნის მიხედვით, ხალვაშმა ტელეკომპანია რეალურ ღირებულებაზე 15-ჯერ ნაკლებად გაყიდა, როგორც თვითონ ამბობს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

 

ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია პანორამამ 2004 წელს რუსთავი 2-ის 90 პროცენტი პაატა კარსანიძესა და ეროსი კიწმარიშვილისგან, ჯამში, 250 000 დოლარად იყიდეს. რაც შეეხება დარჩენილ 10 პროცენტს, მას ნიკა ტაბატაზე ფლობდა და მან წილი 200 ლარად დათმო. ბიბილაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალვაშმა ტელევიზიის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციით 15000-დოლარიანი მოგება ნახა. ამასთან, ბიბილაშვილის თქმით, საქმის მასალები მოწმობს, რომ ხალვაშის შემდეგაც რუსთავი 2-ის წილები დაახლოებით ანალოგიურ თანხებად იყიდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანხა, რაც ხალვაშის ნასყიდობის ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, ტელეკომპანიის საბაზრო ფასი იყო.

 

რაც შეეხება დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ 2006 წლისათვის რუსთავი 2-ის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო, ის მხოლოდ ორ დოკუმენტს ეყრდნობა: რუსთავი 2-ის წესდებასა და იმ პერიოდის საბუღალტრო ნაშთებს. ზემოხსენებული საბუღალტრო ნაშთებს ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ხალვაშის მხარის ინფორმაციით იმ პერიოდში ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, თუმცა ხალვაშის იურისტმა სასამართლოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. იგი მის დაკითხვას მოწმის სახითაც ითხოვდა, თუმცა ამაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უარი განაცხადა.

 

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სწორედ ამ ორგვერდიან დოკუმენტზე კიდია რუსთავი 2-ის ბედი დღეს, რადგან მის გარდა მეორე მხარეს სხვა არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.

 

რევაზ ბერიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ იგი კომპანიის ფინანსური დირექტორი 2004-2006 წლებში იყო, რაც რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების ადვოკატებს უკვირთ. მათი თქმით, დასკვნა კომპანიის 2005 წლის მდგომარეობას აანალიზებს და საკვირველია, რატომ გააკეთა ბერიაშვილმა 2005 წელს ჩანაწერი, რომ იგი მხოლოდ 2006 წლამდე იმუშავებდა. რუსთავი 2-ის მფლობლებელი ეჭვობენ, რომ დოკუმენტი გაყალბებულია და ის ახლაა შექმნილი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამ ფაქტის იმით ხსნის, რომ მისი მარწმუნებლის ინფორმაციით, ბერიაშვილმა დოკუმენტი 2006 წელს შეადგინა და არა 2005-ში. სალიას თქმით, ეს დოკუმენტი ამის შემდეგ ხალვაშთან ინახებოდა.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია მიმოწერა ხალვაშის მხარესა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შორის, სადაც ექსპერტი იმ მონაცემებს თვლის, რომელიც მას ზემოხსენებული დასკვნის მომზადებისთვის სჭირდება, საუბარია კომპანიის ბალანსზე, წესდებაზე, კრედტორებისა და დებიტორების ჩამონათვალი, უძრავის ქონების შესახებ ინფორმაციაზე, 5 წლის საპროგნოზო მონაცემებსა და 2004-2006 წლებში წილების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციაზე, თუმცა ექსპერტს მხოლოდ ორი დოკუმენტი გაეგზავნა. პაატა სალიას განმარტებით, მათ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან წვდომა არ აქვთ, რადგან ქიბარ ხალვაშმა მათი შენახვა თავის დროზე დევნის გამო ვერ მოახერხა.

 

ბიბილაშვილმა და სხვა ადვოკატებმა სალიას ჰკითხეს, რატომ არ გამოითხოვა მან ეს დოკუმენტაცია რუსთავი 2-დან. სალიას თქმით, მას არ ჰქონდა იმედი, რომ ტელეკომპანია ამ დოკუმენტებს გადასცემდა. ქიბარ ხალვაში მხარეს შეეძლო სასამართლოსთან ეშუამდგომლა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დაავალებდა რუსთავი 2-ის მხარეს ზემოხსენეული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენას, თუმცა, სალიას თქმით, მას ჰქონდა ვარაუდი, რომ რუსთავი 2 დოკუმენტაციას არც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა და გასცემდა შაბლონურ პასუხს: გასულია 10 წელი და დოკუმენტაცია ტელეკომპანიაში აღარ ინახება.

 

მისივე თქმით, სწორედ დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ მოახერხა მოსამართლის წინაშე იმის დოკუმენტალურად დადასტურება, რომ რევაზ ბერიაშვილი ნამდვილად იყო 2004-2006 წლებში ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი. მისივე თქმით, ბერიაშვილი შიდა ბრძანებით იყო დანიშნული და ეს დოკუმენტი არც რეესტრში მოიძებნება. თუმცა ადვოკატის განცხადებით, იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ბერიაშვილი რუსთავი 2-ში არ მუშაობდა, არც ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს წარმოუდგენიათ. ადვოკატის თქმით, მათ მარტივად შეეძლოთ თავის დროზე, კანონით დადგენილ ვადებში სასამართლოსთვის მიეწოდებინათ დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმ წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი სხვა ადამიანი იყო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიაწოდა მან სამხარაულის ბიუროს წილების გასხვისების შესახებ ინფორმაცია 2004-2006 წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ ხალვაშს აქვს დოკუმენტაცია, თუ რამდენად შეიძინა მან წილები კარსანიძისა და კიწმარიშვილისგან, სალია ამბობს:

“ექსპერტმა მოითხოვა ინფორმაცია, ძირითადი მონაცემები, რაც ექსპერტს სჭირდებოდა დასკვნის მოსამზადებლად, მისთვის მიწოდებულია. ამაზე ალბათ თვითონ გასცემს პასუხს. მან ჩათვალა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის სავსებით საკმარისი იყო და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა დასკვნა. იყო ეს საკმარისი- არ იყო, ამაზე შეკითხვები გვექნება მხარეებს და კითხვებს გაეცემა პასუხი”, – ამბობს სალია.

 

ექსპერტს, რომელმაც ზემოხსენებული დასკვნა მოამზადა, სასამართლოზე ოთხშაბათს მოუსმენენ. მანამდე რუსთავი 2-ის მფლობელები მტკიცებულების სახით საქმიდან ზემოხსენებული დასკვნის ამორიცხვასაც ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამის მიზეზად ვადების დარღვევა დაასახელა.


ზაზა ბიბილაშვილის პრეზენტაცია სასამართლოზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი