ახალი ამბები

ბოკერია გადატრიალების მუხლით გამოძიების დაწყებას ივანიშვილის რეჟიმის ბოდვას უწოდებს

24 ოქტომბერი, 2015 •
ბოკერია გადატრიალების მუხლით გამოძიების დაწყებას ივანიშვილის რეჟიმის ბოდვას უწოდებს

“ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმის ბოდვა. ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ქაოსისკენ, ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ; ეს ყველაფერი რომ არა, უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და, როგორც უკვე ბევრჯერ გვითქვამს, ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.



23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი. ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია გუშინ ქართულ მედიაში გავრცელდა.

 

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი