ახალი ამბები

თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები სასამართლომ გაამართლა

16 ოქტომბერი, 2015 •
თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები სასამართლომ გაამართლა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ შერჩეული პატიმრობის ღონისძიება გაუქმდა, აცხადებს მათი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

 

სერგო ქავთარაძეს და გიორგი საბანაძე ძველი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები არიან. მათ  თბილისის განვითარების ფონდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესის“ მფლობელებისთვის თაღლითური გზით გადაცემაში ედებოდათ ბრალი.

 

გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

 

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სერგო ქავთარაძისა და გიორგი საბანაძის  მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და  სწორედ ამიტომ ამ პიროვნებებს პოლიტიკური დევნილის  სტატუსი აქვთ მინიჭებული ევროკავშირის ქვეყნებში.

 

შსს-ს ინფორმაციით, „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე 2013 წლის 24 სექტემბერს იტალიაში დააკავეს. თუმცა იმავე წლის ოქტომბერში იგი იტალიის სასამართლომ გაათავისუფლა.

 

სერგო ქავთარაძე, ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 2014 წლის 4 თებერვალს. ამ დროს ქავთარაძე უკვე მიმალვაში იმყოფებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი