საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან სხვა მგზავრებთან ერთად
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეიტყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული პრობლემის გამო რეისი რამდენიმე საათით გადაიდო, რის გამოც იძულებული გახდნენ დაახლოებით სამი საათი მოეცადათ. 

 

შემთხვევა 12 ივლისს მოხდა. ამ დღეს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა”, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, ელჩები და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, მას და იქ მყოფ სხვა მგზავრებს წინასწარ არ მიუღიათ გაფრთხილება, რომ რეისი გადაიდებოდა, თუმცა, თვითმფრინავში გამოფრენამდე ამოვიდა საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელიც სხვა მგზავრებთან ერთად აეროპორტში არ იმყოფებოდა.

 

ჩვენ ელ. ფოსტით დავუკავშირდით თომას ჰამერბერგს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ რეისის გადადების შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ დაგვიანებით მიაწოდა, ხოლო მათ მიერ დასახელებული გადადების მიზეზი იყო ურთიერთგამომრიცხავი. ჰამერბერგი ასევე ადასტურებს, რომ სანდრა რულოვსი და მისი თანმხლები პირები თვითმფრინავში გაფრენისას ავიდნენ და სხვა მგზავრების მსგავსად არ უცდიათ აეროპორტში.

 

ავიაკომპანია “აირზენაში” “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ 12 ივლისს ბათუმი–თბილისის რეისი ნამდვილად გადაიდო იმის გამო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათით დაკეტილი იყო ასაფრენ–დასაფრენი ბილიკი.

 

“ჩვენ გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამასთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური დოკუმენტი და თუ საჭირო გახდა, გამოვაქვეყნებთ”, – აცხადებენ “აირზენაში”.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ყოველ წელს ზაფხულობით მიმდინარეობს ასაფრენ–დასაფრენი ბილიკის გეგმიური შეკეთება დროის იმ მონაკვეთში, როცა ფრენები არ ხორციელდება და აეროპორტი უთანხმდება ავიაკომპანიებს, რომ არ შეფერხდეს რეისების განხორციელება. აეროპორტში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და ის არ გამოიწვევს რეისების გადადებას.

 

“აირზენაში” განაცხადეს, რომ 12 ივლისს თბილისის აეროპორტიდან დაგვიანებით მიიღეს შეტყობინება ტექნიკური შეფერხების თაობაზე და ამის გამო, მგზავრების ნაწილის წინასწარ გაფრთხილება რეისის გადადების შესახებ მოხერხდა, ნაწილის კი ვეღარ. სწორედ ამით ხსნიან კომპანიაში იმ ფაქტს, რომ მგზავრების ნაწილს აეროპორტში რამდენიმე საათიანი ლოდინი მოუხდა, სანდრა რულოვსი კი იმ დროს მივიდა, როდესაც გადადებული რეისი შესრულდა.

 

ჩვენ დავუკავშირდით სანდრა რულოვსის პრესსამსახურს და ვკითხეთ, სხვა მგზავრებისგან განსხვავებით სანდრა რულოვსი იყო თუ არა გაფრთხილებული წინასწარ რეისის გადადების შესახებ და როგორ მოხდა, რომ მას სხვა მგზავრებთან ერთად არ მოუცდია აეროპორტში და იქ მხოლოდ თვითმფრინავის გაფრენის წინ მივიდა. პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ რადგან რულოვსი აეროპორტში თვითმფრინავის გაფრენისას მივიდა, ლოგიკურია, რომ ის წინასწარ იქნებოდა გაფრთხილებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *