როგორც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, შესაძლოა რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია ჩრდ. კავკასიის რეგიონში პირდაპირ საქართველოსაკენ არ იყოს მიმართული, თუმცა რუსული მხარე შეეცდება პოზიცია არ შეუსუსტდეს ამ რეგიონში.
“რუსეთმა შესაძლოა საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიეროს ჩრდ. კავკასიის რეგიონში, ეს ვარაუდი ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის. იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” ე.წ. საღვთო ომი გამოუცხადა რუსეთს, ხოლო ჩრდ. კავკასია არის მუსლიმური, ფეთქებადსაშიში რეგიონი რუსეთისათვის, რა თქმა უნდა, ის ეცდება, რომ გარკვეული ექსცესები არ მოხდეს რეგიონში,”- აცხადებს გიორგი სანიკიძე.
ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი ტომას გრემი ქართულ მხარეს ურჩევს, რომ თავდაცვის გასაძლიერებლად ქვეყნიდან პოტენციურ მებრძოლთა გადინება გააკონტროლოს. სანიკიძის განცხადებით, ქართულ მხარეს ამისი გაკეთების უნარი არ გააჩნია. მისი აზრით, გამოსავალი მუსლიმ თემთან ერთობლივი მუშაობაა.
“ტერორისტთა გადინების კონტროლი არის თითქმის შეუძლებელი. თურქეთთან ჩვენ საზღვარი ღია გვაქვს, თურქეთიდან სირიაში გადასვლა კი ძალიან იოლია. უმჯობესი იქნება, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მუსლიმ თემთან; მათთან გვქონდეს კონტაქტი. პოტენციურად საშიში პირების გამოვლენა საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ გააქტიურებაა საჭირო”.
გიორგი სანიკიძის თქმით, სახელმწიფომ დასავლურ ქვეყნებს უნდა მიბაძოს და უფრო მკაცრი კონტროლი დააწესოს ვირტუალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რადგან ინტერნეტი მუსლიმ მებრძოლთა მობილიზაციის წარმატებულ საშუალებად იქცა.
“შესაძლებელია ქართველი მუსლიმების მოქმედების შესწავლა ვირტუალურ სივრცეში – ვინ რას წერს, ვინ რისკენ მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებელს – ეს არის, ასე ვთქვათ, საკმაოდ გამოცდილი მეთოდი. დასავლეთში უკვე მიჩნეულია, რომ მებრძოლთა რეკრუტირება ხდება ინტერნეტის საშუალებით და არა რაიმე საღვთისმეტყველო სკოლებში. მსგავსი პროგრამის შემუშავება შესაძლებელია, რომ გახდეს ძალიან ეფექტური საშუალება საფრთხეების გამოსავლენად და შემდეგ მათთან გასამკლავებლად”.
გიორგი სანიკიძე ამერიკელ ექსპერტებს ეთანხმება და ამბობს, რომ დღეს ქვეყნისათვის საუკეთესო გამოსავალი დასავლეთთან აქტიური თანამშრომლობაა.
“რეალურად არ არსებობს რაიმე სახის ბერკეტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, არამედ ზოგადად მსოფლიომ არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. დასავლეთთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ამ დროისათვის ერთადერთია, რაც შეიძლება, რომ გავაკეთოთ. მჭიდრო თანამშრომლობა თავად დასავლელ ლიდერებს გაუადვილებს ჩვენთან ურთიერთობას,”- აცხადებს სანიკიძე.
ექსპერტის თქმით, ამჟამად საქართველოსათვის საფრთხის შემცველი ზოგადად შექმნილი სიტუაციაა და არა კონკრეტული მოვლენები.
სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.
რუსეთმა სირიაში ჯარები 30 სექტემბერს შეიყვანა და მას შემდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტია. ოფიციალური ვერსიით, რუსული მხარე ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) ებრძვის, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის რეალური სამიზნე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი რეჟიმია.