როგორც ექსპერტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, შესაძლებელია ჩრდილოეთ კავკასიასა და მოსკოვში ტერორისტული აქტები გახშირდეს.
გრემი საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენასა და პოტენციური მებრძოლების ქვეყნიდან გადინების კონტროლს ურჩევს.
“რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისაკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ თემაზე რუსეთი საუბრობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. ეს მათ საკუთრი უსაფრთხოებისათვის უნდა გააკეთონ და თან ცალი თვალი რუსეთზე ეჭიროთ,” – აცხადებს ტომას გრემი.
ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარი ანა ბორჩევსკაია კი ამბობს, რომ შესაძლებელია ტერორიზმთან ბრძოლა ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ავტორიტეტის გასაძლიერებლად გამოიყენოს.
“რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ პუტინი ადგილობრივი ტერორიზმის მასშტაბების გაფართოების რისკზე მიდის, თუმცა ეს შეიძლება პუტინისათვის მოსახერხებელ მიზეზად გამოდგეს და ჩრდ. კავკასიაში ძლიერი ლიდერის იმიჯის დამკვიდრება ისევ სცადოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლამ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ალბათ გახსოვთ მოსკოვში ბინების აფეთქებები, მანამდე პუტინს არავინ იცნობდა. მისი რეიტინგი დაბალი იყო, ტერორიზმთან ბრძოლამ მას პოპულარობა მოუტანა,” – აცხადებს ბორჩევსკაია.
ამიტომ ექსპერტი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ შეინარჩუნოს მჭიდრო კომუნიკაცია დასავლეთთან და მოკავშირეებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს:
“დასავლეთთან კომუნიკაცია საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პარტნიორებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. უკრაინაში რუსეთის პროპაგანდამ დაბნეულობა გამოიწვია, რაც ანალიტიკოსებს დღემდე ხელს უშლის სიტუაციის შეფასებაში, ამიტომ საქართველომ დასავლეთს ინფორმაცია უწყვეტად უნდა მიაწოდოს.”
რუსეთმა სირიაში ჯარები 30 სექტემბერს შეიყვანა და მას შემდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტია. ოფიციალური ვერსიით, რუსული მხარე ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) ებრძვის, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის რეალური სამიზნე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი რეჟიმია.