„ყალბი მრავალვექტორულობა“ — ასე ახასიათებს პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია „ქართული ოცნების“ საგარეო-პოლიტიკურ კურსს.

კაკაჩია „ნეტგაზეთთან“ აჯამებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას 2024 წლის 28 ნოემბრიდან — ევროკავშირისკენ სვლის ოფიციალურად შეჩერებიდან — დღემდე და ამბობს, რომ ეს პოლიტიკა, ნაცვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა, მიმართულია რეჟიმის გადარჩენისკენ.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკუთარ საგარეო-პოლიტიკურს კურსს „მულტივექტორული“ და „პრაგმატული“ დაარქვას, სინამდვილეში ეს უფრო ყალბი მულტივექტორალიზმია, ვიდრე — რეალური. მულტივექტორულ პოლიტიკას თავისი პრინციპები და ლოგიკა აქვს, რაც საქართველოს შემთხვევაში არ შეინიშნება. ამ პოლიტიკის შედეგად, საქართველო მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად დასავლეთის მხრიდან დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. გაუარესდა ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე — შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონს საქართველოში ელჩი არ ჰყავს, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ დაბალ დონეზეა და ეს არ არის შემთხვევითი. „ოცნება“ ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ აშშ-თან ურთიერთობას დაალაგებდნენ, თუმცა, არაერთგზის მცდელობისა და ლობისტური საქმიანობის მიუხედავად, ეს ვერ შეძლო. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ევროკავშირთან“, — აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. კორნელი კაკაჩია უახლოეს მომავალში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასაც არ გამორიცხავს.

სახელისუფლებო აქტორები მრავალპოლარულ სამყაროზე აპელირებით ცდილობენ გააბათილონ მოსაზრება, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმა საქართველოს ავტომატურად რუსეთის გავლენის სფეროში ტოვებს. „ქართული ოცნების“ რიტორიკის მიუხედავად, რომ პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებენ, კაკაჩია ხაზს უსვამს, რომ რაც უფრო იზოლირებული იქნება საქართველო სტრატეგიული პარტნიორებისგან, მით უფრო ადვილი ნადავლი გახდება რუსეთისთვის.

„ჩინეთს არ აქვს განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ. ის გვხედავს, როგორც რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყანას და მოსკოვთან ურთიერთობას ჩვენ გამო არ დაძაბავს. ამ სიტუაციაში კარგად ჩანს იზოლაციის ფასი: ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული მეგობრები და შევიძინეთ ძირითადად ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პარტნიორები. რაც უფრო ღრმავდება იზოლაცია, მით უფრო დიდია შანსი, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, როცა მოსკოვი სამხრეთ კავკასიას მიუბრუნდება, საქართველო — როგორც ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა რეგიონში — რუსეთისთვის ადვილი ნადავლი გახდეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, მოახერხა რუსეთის პოლიტიკასთან იდეოლოგიური კონვერგენცია“, — ამბობს კაკაჩია და დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შეიძლება თვითიზოლაციაც დავარქვათ:

„მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს ყველაფერი ცენტრალურ აზიასთან, თურქეთთან, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობით დაებალანსებინათ, ურთიერთობა დაიძაბა უახლოეს მეზობლებთანაც — აზერბაიჯანსა და სომხეთთან. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა პასუხებზე მეტ კითხვას აჩენს. ამიტომ საკითხავია, რამდენად ეფექტიანია ეს და ვის სამსახურში არის ეს საგარეო პოლიტიკა? ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ, ისინი საუბრობენ ერთი ოლიგარქის და არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. სწორედ აქედან გამომდინარეა ხშირად ის გაუგებარი გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მიდრეკილია რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რომ მათ არ შეექმნათ პრობლემები ხელისუფლების უსაზღვროდ შენარჩუნების თვალსაზრისით. მთელი საგარეო პოლიტიკა ამისკენ არის მიმართული“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა, რომ მომავალ წელს შესაძლებელია ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს სუვერენულად მოქმედების რესურსი, შეიძლება, ოპტიმიზმს არ ჰქონდეს იმდენად მყარი საფუძველი, მაგრამ ვნახოთ, ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალს. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ 2025 წლის დამდეგსაც ჰპირდებოდა საზოგადოებას დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას და ამტკიცებდა, რომ ტრამპის ინაუგურაცია ვითარებას შეცვლიდა, თუმცა მმართველმა გუნდმა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ვერ შეძლო, ბრიუსელის შეფასებით კი — ქვეყანა ევროკავშირისგან ახლა უფრო შორსაა, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.