ახალი ამბები

„არჩევანი ეს არის: ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან – რუსეთი“ — პრეზიდენტი

9 აპრილი, 2024 • 827
„არჩევანი ეს არის: ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან – რუსეთი“ — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ 8 აპრილს რუსული კანონის პარლამენტში ბიუროზე გატანა ხელისუფლების „დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია.“

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, 9 აპრილს ისაუბრა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის არმიის მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე, დიდი ტრაგედიის მიუხედავად,  „უზარმაზარი გამარჯვების დღეა“.

„დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, და ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერავინ ვერაფერს გვიზამს.

ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. ვერავინ, დღეს, ხვალ და ზეგ, საქართველოში, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს, ვერასდროს“ ,— განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება, პრეზიდენტმა წინასწარი პროგნოზი არ გააკეთა.

„მე არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა. გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ეს არის — ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან – რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა. თუ არ იცით, ისწავლეთ და წაიკითხეთ“ ,— განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე გუშინ, 8 აპრილს განიხილეს. პირველი კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. განხილვა ორშაბათს, 15 აპრილსაა დაგეგმილი.

წელს კანონპროექტს მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს მაშინ, როცა შარშან საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა კომიტეტებმაც განიხილეს. არადა, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტში არაფერია შეცვლილი, გარდა სახელწოდებისა.

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით. უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა. სხდომის წამყვან გიორგი ვოლსკის თქმით, სხვა კომიტეტების წევრებს შეუძლიათ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრონ.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი