ახალი ამბები

სახალხო დამცველი: „ვეტინგი“ არ არის რეცეპტი

5 აპრილი, 2024 • 1369
სახალხო დამცველი: „ვეტინგი“ არ არის რეცეპტი

„ვეტინგი“ არ არის რეცეპტი, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემაში ყველა პრობლემას ერთბაშად მოაგვარებს“, — განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის შესახებ.

„ამას ადასტურებს სხვა ქვეყნების გამოცდილება. კალკირება არ შეიძლება იმიტომ, რომ ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები და ეს ყველაფერი მორგებული უნდა იყოს საქართველოს რეალობაზე. ჩვენ გვახასიათებს რაღაცის ატაცება. თუ არის ალბათობა, უფრო უარეს შედეგებამდე მივიდეთ, მაშინ უნდა დავფიქრდეთ [რამდენად ღირს]“, — განაცხადა სახალხო დამცველმა „ტვ პირველის“ ეთერში.

იოსელიანის თქმით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველი ამ პროცესს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შეხედავს.

იოსელიანის თქმით, ის ემხრობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკომისია რეკომენდაციის შესრულებულად ჩათვლის, თუმცა ფორმას არ აქვს მნიშვნელობა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა „ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გააჩერა ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი.

„ჩვენ გვაქვს საჯაროობის ვალდებულება. მეც ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი და ჩემი ცოლის ყველა გადარიცხვა ყველა მოქალაქეს შეუძლია უყუროს. მაგრამ მაქვს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მიჭირავს ისეთი თანამდებობა, რომელიც ამას მავალდებულებს. პასუხისმგებლობის გააზრება არის მნიშვნელოვანი ყველას მიერ. მე პირადად აზრად არ მომივა, სასამართლოს მივმართო ასეთი მოთხოვნით, რომ დახუროს ჩემი დეკლარაციის შემოწმების შესაძლებლობა“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის, 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.

IDFI-ის განცხადებით, ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

მოსამართლეებმა, ლელა ფოლადიშვილმა, ველერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება.

IDFI: სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება გააჩერა

მასალების გადაბეჭდვის წესი